“მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და პირველ აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ” – ამის შესახებ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, რეგულაცია ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც პირადი გამოყენებისთვის ავტომობილის შემოყვანასა და რეგისტრაციას გეგმავენ.
„მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და პირველი აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ, მათ შორის პირველი აპრილის შემდეგაც, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. ტრანსპორტირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ ვერ იქნება წარმოდგენილი, ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანა შესაძლებელი იქნება, თუმცა მისი რეგისტრაცია ვერ განხორციელდება“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
ნინო თანდილაშვილმა რეგულაციის მიღების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოში შემოყვანილი და რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, რაც პირდაპირ აისახება ჰაერის ხარისხზე.
„მხოლოდ თბილისში ჰაერის დაბინძურების დაახლოებით 62% ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვზე მოდის. ქალაქის 13 სხვადასხვა პუნქტში, მათ შორის გზისპირებსა და სკვერებში, ვაკვირდებით ჰაერის ხარისხს და განსაკუთრებით პიკის საათებში ფიქსირდება მნიშვნელოვანი დაბინძურება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა მაგისტრალებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 146 ათასი ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-იანი ზრდაა. ავტომობილების საშუალო ასაკი შვიდი-ცხრა წელია და მათი უმეტესობა დიდ ქალაქებში კონცენტრირდება.
მთავრობის დადგენილებით, საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. ახალი წესის თანახმად, აპრილიდან ქვეყანაში დასარეგისტრირებელი მსუბუქი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ორ ძირითად მოთხოვნას – არ უნდა იყოს ექვს წელზე მეტი ასაკის და უნდა შეესაბამებოდეს ევრო 5-ის ემისიის სტანდარტს. ევრო 5 სტანდარტი საქართველოში უკვე ორი წელია, მოქმედებს და განსაზღვრავს ავტომობილის გამონაბოლქვის დასაშვებ ნორმებს. ახალი შეზღუდვები არ ვრცელდება რეექსპორტზე; ავტომობილის გაყვანა და სხვა ქვეყანაში გაყიდვა კვლავ შესაძლებელი იქნება. ასევე, რეგულაცია არ ეხება იმ პირებს, რომლებიც უკვე ფლობენ უფრო ძველ ან დაბალი სტანდარტის ავტომობილებს.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

