ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება, ეს სხვა ისტორია იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა დავდოთ შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან ტრავმული იქნება. ძალიან ტრავმული. არ მინდა, რომ ეს მოხდეს. მათ თავიდანვე უნდა დაედოთ შეთანხმება. თუ ისინი შეთანხმებას არ დადებენ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, ეს სხვა ისტორია იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა.
„გუშინ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ბიბი ნეთანიაჰუსთან და მას ესმის, მაგრამ საბოლოოდ ეს ჩემზეა დამოკიდებული. თუ შეთანხმება არ იქნება ძალიან სამართლიანი და ძალიან კარგი შეთანხმება, მაშინ, ვფიქრობ, ირანისთვის ძალიან რთული პერიოდი დადგება“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ სურს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომ ირანთან მოლაპარაკებები შეწყვიტოთ, ტრამპმა უპასუხა, რომ ამაზე არ უსაუბრიათ.
„ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია. მე ირანთან ვისაუბრებ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მინდა და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მათთან შეთანხმების მიღწევას. და თუ ვერ შევძლებთ, მეორე ფაზაზე მოგვიწევს გადასვლა. მეორე ფაზა მათთვის ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დროს შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იყო.
„ბიბი ომის დროს შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იყო და მე ვფიქრობ, ისრაელის საუკეთესო მეგობარი ვიყავი, ვინც კი ოდესმე ჰყოლიათ. ის ძალიან ძლიერი იყო. ჩვენ მასთან ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ“, – განაცხადა ტრამპმა.

