აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

” საგამოძიებო უწყებებიდან გამქრალია დანაშაულის პრევენციის ფუნქცია, ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო პროცესს, რომელიც ამ თემას გადაიყვანს სისტემურ პოლიტიკურ განხილვაში” – ტატა ხვედელიანი

საქართველოს პროკურატურის ბოლო ბრიფინგიდან უმძიმესი რამ გავიგეთ. თვეების განმავლობაში ქვეყანაში შესაბამისი დაჯგუფება სჩადიოდა სასტიკ დანაშაულს და ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოებმა, როგორც თავად ამბობენ, არაფერი იცოდნენ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არაფერი იცოდნენ იმ უწყებებმა, რომლებიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს აკონტროლებენ ქვეყნის ყველა ნაწილში, მყისიერად აკავებენ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისთვის, პირბადის ტარებისთვის და კიდევ უამრავი გამოგონილი მიზეზით.

„საქართველოს ძალოვანმა სისტემამ აღიარა, რომ თვეების განმავლობაში არ იცოდა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა მძიმე დანაშაულების შესახებ, რომლებიც ბავშვებს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებდა, ბოლოს კი სიცოცხლის ხელყოფაც გამოიწვია. დღეს, ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2025 წელს – 1473 ბავშვის მიმართ ჩაიდინეს დანაშაული. აქედან ყველაზე მეტიოჯახური და სექსუალური ხასიათის ძალადობა იყო. ბოლო ათ წელიწადში 11 773 ბავშვი დაზარალდა. ბოლო წლებში ქვეყანაში საშიში და ტენდენციური მდგომარეობაა შექმნილი. 2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 766 არასრულწლოვნის მიმართ დაიწყო, მაშინ როდესაც 2024 წელს 460 არასრულწლოვანი იყო ბრალდებული. იანვრის თვეში დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებიც ფიზიკურად ძალადობდნენ თავიანთ თანატოლებზე; ბოლო გამოქვეყნებულ მასალებში სხვა არასრულწლოვნების ჯგუფი ძალადობს მათ თანატოლებზე, ეს არ არის ცალკე მდგომი კრიმინალური შემთხვევები, ეს არის სისტემური გამოწვევა ქვეყნისთვის და ტრაგედია მოსახლეობისთვის, რომელსაც „ოცნება“ არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური მიდგომით პასუხობს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

მისი თქმით, ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკით საგამოძიებო უწყებებიდან გამქრალია ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც არის დანაშაულის პრევენცია, მის აღმოფხვრასთან სისტემური მიდგომები.

„ამ ვითარებაში, პარლამენტის როლი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ შეფასებებით. ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო პროცესს, რომელიც ამ თემას გადაიყვანს ინდივიდუალური ტრაგედიიდან სისტემურ პოლიტიკურ განხილვაში, სადაც მსხვერპლთა ოჯახების გამოცდილება იქნება პოლიტიკის ფორმირების აუცილებელი ნაწილი. ასევე, როგორც დედამ, მინდა, მადლობა გადავუხადო ღირსეულ დედას, ეკა კუპატაძეს იმ ბრძოლისთვის, რაც მან გაიარა და იმ სამართლიანობისთვის, რომლისთვისაც ის ახლაც იბრძვის.
დღეს გვყავს კიდევ უამრავი მშობელი, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავეთა დასჯას. დღემდე არარიან გამოვლენილი და დასჯილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელები. ჩემი მხარდაჭერა ნიკოს დედას, რომელიც წლებია, ითხოვს დამნაშავეთა დასჯას და ჩემი ხმარდაჭერა ყველა იმ მშობელს, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობის აღდგენისთვის“, – განაცხადატატა ხვედელიანმა.

იტვირთბა....