ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ აშშ ზეწოლას ახორციელებს რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.
ამის შესახებ მარკ რუტემ ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.
„აშშ ყველანაირ ზეწოლას ახორციელებს რუსეთზე. ევროპელების მსგავსად, ისინი ამას სანქციებით აკეთებენ. შეხედეთ, რა მოხდა „ლუკოილთან“, „როსნეფტთან“ და სხვა რაღაცებთან დაკავშირებით, რასაც აშშ აკეთებს. აშშ კვლავ აწვდის უკრაინას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჰაერო თავდაცვის და სხვა იარაღს PURL-is პროგრამის მეშვეობით, რომელსაც კანადელი და ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები აფინანსებენ. აშშ ხელმძღვანელობს სამშვიდობო პროცესს. აშშ დედამიწაზე ერთადერთი ერია, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელსაც შეუძლია პუტინთან ჩიხის დაძლევა, სამშვიდობო პროცესის დაწყება. ასე რომ, მე ნამდვილად ვფიქრობ, აშშ ზუსტად იმას აკეთებს, რაც გვჭირდება უკრაინასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ნატო-ს გენერალურ მდივანს ასევე დაუსვეს კითხვა, შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის არყოფნა მიუთითებს თუ არა ნატოსადმი ვაშინგტონის ერთგულების შესუსტებაზე, რაც მარკ რუტემ უარყო.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, აშშ მთელ მსოფლიოზე ზრუნავს და, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარდა, არსებობს სხვა ნაწილებიც, რაზეც აშშ-მა უნდა იზრუნოს.
„ნატო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე არსებობს დასავლეთ ნახევარსფერო, ასევე არსებობს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი. მე ამას სრულიად ვეთანხმები“, – თქვა რუტემ.

