“ქართული ოცნება” ყველა დონეზე დაიგნორებულია” – ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ გამართულ ბრიფინგს.
“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ “ქართულ ოცნებას” აქვს ილუზია, რომ “შეიძლება გააგრძელოს ქვეყანაში ავტოკრატიული სისტემის გამყარება” და ამავე დროს, იმედი ჰქონდეს, რომ ვაშინგტონში პოლიტიკა მათთვის სასიკეთოდ შეიცვლება, “დღეს ამის შესაძლებლობა არ იკვეთება”.
ერთ-ერთიმნსვნელოვანი ასპექტი, რაც გამოიკვეთა ამ მოსმენაზე იყო ის, რომ დიახ, საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა, მათ შორის სატრანზიტო პოტენციალის თვალსაზრისით, მაგრამ ასევე მთავარი აქცენტი კეთდებოდა სწორედ იმაზე, რომ საქართველო სწორედ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით იყო მოწინავე პოზიციებზე, როგორც აშშ-ის პარტნიორი ჩვენს რეგიონში.
ამიტომ, ამ მოსმენიდან, მათ შორის ჩვენ ვფიქრობთ, ის უნდა დავინახოთ, რომ თუ ამ ხელისუფლებას აქვს რაიმე ილუზია, რომ ტრანზაქციული მოსაზრებებით შეიძლება გააგრძელოს ქვეყანაში ავტოკრატიული სისტემის გამყარება, ამავე დროს იმედი ჰქონდეს, რომ შეიცვლება მათთვის სასიკეთოდ პოლიტიკა ვაშინგტონში, ამის შესაძლებლობა, ყოველ შემთხვევაში დღეს, არ იკვეთება,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში “ქართულ ოცნებას” ყურადღება საერთოდ არ ექცევა და ამის ფონზე ის, რომ ზოგადად საქართველო რჩება ამერიკის ინტერესის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია.
თავისთავად ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს საკითხი განიხილება, თუნდაც ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, ეგეც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში “ოცნებას” ყურადღებას არ აქცევენ საერთოდ, დაიგნორებული ჰყავთ ყველგან, ყველა ფორმატში.
ამიტომ, ის, რომ ზოგადად საქართველო რჩება ამერიკის ინტერესის სფეროში, ამ გლობალური გამოწვევის ფონზე, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,” – აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე ბრიფინგი გაიმართა, სახელწოდებით – “ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა”.

