აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

მე-12 დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის ერთადერთი ვარ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს – თვითონ გჯერათ, რომ პაატა ბურჭულაძე საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს? – პაატა ბურჭულაძე

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წაყენებული. თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას დღეს იუბილე აქვს, 71 წლის გახდა და სწორედ ამის შესახებ ისაუბრა მან საკუთარ სიტყვაში.

„პროტესტს ვაცხადებ, გამოდის დამნაშავეები ვზივართ და უდანაშაულოები გარეთ არიან, ეს ასობით ადამიანი რომ გამოვიდა, პარლამენტში ხომ არ სხედან დამნაშავეები? ჩვენ აქ ყველა ამაყად ვსხედვართ.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა შარშან, როცა რუსთაველის ოპერის თეატრი არ დამითმო „ოცნებამ” და ოპერის წინ საბარგო მანქანაზე მივიღე მრავალათასიანი მილოცვა და კონცერტი. წელს სასამრთლოში ვიღებ მილოცვებს და ეს დაუვიწყარი იქნება ჩემს კარიერაში.

როგორც წესი, ამ დღეს არის უამრავი მოლოცვა და საჩუქარი, მთელი მსოფლიოდან. დღეს კი ამ ორი პროკურორის გადაწყვეტილებით ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან სატელეფონო საუბარიც მეკრძალება – აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე. ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ვუპასუხოთ და მეც, როგორც ქრისტიანმა, გადავწყვიტე, რომ თქვენ, ბატონო ვაჟა თოდუა და განსაკუთრებით, თქვენ, ქალბატონო თამარ ბეჟუაშვილო – რომელიც ძალიან გამოირჩევით ამ უსამართლო ბრძოლაში, მინდა საჩუქარი გაგიკეთოთ და სიკეთით გიპასუხოთ. მე შემიძლია წერილი მივწერო ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, რომ შემთხვევით არ გამორჩეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები, იმ დასანქცირებულთა სიაში, რომელიც მომდევნო თვეებში გამოქვეყნდება – მერწმუნეთ ამ წერილს ანგარიშს გაუწევენ; მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ არა იმიტომ, რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ, არამედ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებს, გამორჩეულად უარყოფით ადამიანებსაც კი, ჰყავთ შესანიშნავი შვილები და ვფიქრობ მათი მომავალი მშობლების საქციელს არ უნდა გადაჰყვეს, ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წაყენებული. გულწრფელად გეკითხებით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, ბევრი ადამიანი მელოდება ციხეში და მის გარეთ, ტელევიზიით, მილოცვისთვის”,- განაცხადა ბურჭულაძემ.

მან მოსამართლეს შესვენების შემდეგ, სხდომიდან წასვლის ნებართვა სთხოვა.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....