ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტის კითხვაზე, მოხვდება თუ არა საქართველოში მდებარე ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში, განაცხადა, რომ “სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული – არაფერია შეთანხმებული”.
მისი თქმით, საზღვაო მომსახურების ნაწილთან დაკავშირებით, ისინი ელოდებიან განხილვას “დიდი შვიდეულის” შეხვედრის ფარგლებში.
რაც შეეხება სანქციების მე-20 პაკეტს, მასზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ბევრი წინადადება წარვადგინეთ, ასევე ველოდები განხილვებს “დიდი შვიდეულის” (G7) შეხვედრის ფარგლებში საზღვაო მომსახურების ნაწილთან დაკავშირებით.
ასე რომ, კონკრეტულ წინადადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან, როგორც იცით, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული – არაფერია შეთანხმებული,” – განაცხადა კალასმა. [შიფრი: “პუბლიკა”]
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირი სანქციების მეოცე პაკეტის პროექტში განიხილავს რუსეთისთვის და “მესამე ქვეყნებში” ოთხ კონკრეტულ ტერმინალში ნავთობის მიწოდებას (მათ შორის ყულევის ტერმინალში).
რადიო თავისუფლების თანახმად, სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:
“[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას.”

