“საქართველო ეუთოს მონაწილე სახელმწიფოა და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობას თან ახლავს პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. როგორც ეუთოს მონაწილე ქვეყანამ, საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, ხელი მოაწერა და ვალდებულება აიღო, დაეცვა ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური უფლებები. ეუთოს ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეთა ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური უფლებები არის საკვანძო მშვიდობისთვის, სამართლიანობისთვის, კეთილდღეობისა და მეგობრული ურთიერთობებისთვის მონაწილე ქვეყნებს შორის. ეს არის ეუთოს შეთანხმების შავით თეთრზე დაწერილი ტექსტი.
ეუთოს არსი მდგომარეობს მშვიდობიან სამყაროში თანამშრომლობაში და ყველა მონაწილე ქვეყანა, მათ შორის, საქართველო შეთანხმდა, ასევე შავით თეთრზე დაწერილი ტექსტით, რომ „ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური უფლებები წარმოადგენს ყველა მონაწილე სახელმწიფოს უშუალო საზრუნავს და არ მიეკუთვნება საერთაშორისო ურთიერთობების ექსკლუზიურ სფეროს“. ეს არის თამაშის წესები – თუ ხარ ორგანიზაციის წევრი, ხელს აწერ ამას, შესაძლოა, ელოდო და უნდა ელოდო კიდეც, რომ შენი შეფასება მოხდება იმავე წესებით, რომელსაც ხელი მოაწერე. რაც შეეხება პროცედურას, 2024 წლის დეკემბერში ეუთოს მონაწილე ქვეყნებმა აამოქმედეს „ვენის მექანიზმი“, საქართველომ ამას უპასუხა, რაც არ იყო დამაკმაყოფილებელი და შემდეგ, ახლა, იანვარში ჩვენ ავამუშავეთ „მოსკოვის მექანიზმი“, 23-მა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ეუთო დანიშნავს ექსპერტთა მისიას, რათა ჩამოვიდნენ საქართველოში, დაადგინონ ფაქტები, გასცენ რეკომენდაციები, ეს რეკომენდაციები გაეგზავნება მონაწილე ქვეყნებს განსახილველად, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს პოზიცია რეკომენდაციების შესაბამისად და შემდეგ ის გაეგზავნება ეუთოს მუდმივ საბჭოს შემდგომი ქმედებებისთვის. ექსპერტთა მისიის არეალი საკმაოდ ვრცელია, ყველაფერი შავით თეთრზე არის დაწერილი, ყველაფრის წაკითხვა შეიძლება და არ არის საჭირო რაიმეს წარმოდგენა ან სპეკულირება. ეს ეხება ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ უფლებებს, კანონის უზენაესობას საქართველოში.
ეს მოიცავს დემონსტრაციებს როგორც 2024 წელს, ასევე ადრეულ 2025 წელს. საქართველომ ეუთოში გაწევრიანებას მოაწერა ხელი, საქართველო არის გაეროს წევრი, გაეროს აქვს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და სხვა ინსტრუმენტები, საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი, რასაც ხელი მოაწერა საკუთარი ნებით, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას, ასოცირების ხელშეკრულებას ასევე აქვს პრეამბულა და ზოგადი პრინციპები, რაც ეხება ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და კანონის უზენაესობას და ასევე, საქართველოს ევროპულ ღირებულებებსა და მისწრაფებებს. საქართველომ ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
საქართველომ ხელი მოაწერა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც ასევე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და საბოლოოდ, საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში წევრობაზე და ევროკავშირი არის სივრცე მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის და ახლა რა მოხდა?! საქართველომ მიიღო ძალიან მწვავე შეფასება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, საქართველო ახლა არ მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო დგას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის სანქციების საფრთხის წინაშე და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია საქართველოსთვის. ყველა ტყუის – ეუთო ტყუის, გაერო ტყუის, ევროპის საბჭო ტყუის და ევროკავშირი ტყუის და არ არის სამართლიანი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში. ეს შესაძლებელია?“ – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Interpressnews-თან ინტერვიუში.

