ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილების შეტანას რეგლამენტში, რომელიც ევროკავშირში თავშესაფრის მიღების პროცედურას განსაზღვრავს.
ასევე, ევროპარლამენტმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა: ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, კოსოვო, ინდოეთი, მაროკო და ტუნისი. ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატები [კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც აქვს], თუ ამ ქვეყნებში არ არის შეიარაღებული კონფლიქტი და სერიოზული საფრთხეები ადამიანის უფლებებისთვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს, უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან თავშესაფრის მთხოვნელთა განაცხადების დაჩქარებული წესით განხილვას, დაჩქარებული პროცედურა კი ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებლები, სავარაუდოდ, უარს მიიღებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირს წევრ ქვეყანა თავად აქვს უფლება გადაწყვიტოს, არის თუ არა კონკრეტული ქვეყანა უსაფრთხო. რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებს მხარი 408 დეპუტატმა 184-ის წინააღმდეგ დაუჭირა. ცვლილებებს ის ამოქმედებას ასევე, მხარი უნდა დაუჭიროს ევროპის საბჭომ.
10 თებერვალს ევროპარლამენტმა 396 ხმით 226-ის წინააღმდეგ დაამტკიცა „უსაფრთხო მესამე ქვეყნების“ კონცეფციის გამოყენების წესიც. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს უფლება ექნებათ თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც ისინი არ არიან.
ევროკავშირის სახელმწიფოებს შეუძლიათ მესამე ქვეყნებს შეუთანხმდნენ და თავშესაფრის მაძიებლებმა განაცხადები იქ წარადგინონ. EU-ში თავშესაფრის მაძიებელი უარს მიიღებს, თუ ის ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა რომელიმე მესამე „უსაფრთხო ქვეყნის“ გავლით.
ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილებას საგანგაშო და შემაშფოთებელი უწოდა Amnesty International-მა, ორგანიზაციის შეფასებით, გადაწყვეტილება შეარყევს ლტოლვილთა დაცვის საფუძვლებს. Amnesty International-ის წარმომადგენელმა ოლივია სუნდბერგ დიესმა კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს არის „ბნელი დღე“ ევროკავშირში ადამიანის უფლებებისთვის და საგანგაშო თავად ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპებისთვის. მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროკავშირი უარს ამბობს ლტოლვილთა დაცვის ვალდებულებაზე.

