აშშ ახლო აღმოსავლეთში მეორე საავიამზიდო მოიერიშე ჯგუფის გაგზავნას განიხილავს ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, სამხედრო მოქმედებისთვის რომ მზად იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან მოგვიწევს მკაცრი ზომების მიღება, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვას მომავალი კვირისთვის ელოდება.
„ჩვენ გვყავს არმადა, რომელიც იქ მიემართება და შესაძლოა, კიდევ ერთიც გაიგზავნოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, ირანს ამერიკასთან შეთანხმების მიღწევის სურვილი აქვს და სამხედრო საფრთხის შემდეგ ბევრად უფრო სერიოზულად არის ჩართული პროცესში. მისივე თქმით, გასული წლის ივნისში ამერიკის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ „მოლაპარაკებები ძალიან განსხვავებულია“.
„ჩვენ შეგვიძლია ირანთან შესანიშნავი შეთანხმების დადება“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, შეთანხმება არა მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას, არამედ ირანის ბალისტიკური რაკეტების მარაგსაც უნდა ეხებოდეს.

