მე წარმოვადგენ ერს, რომელმაც იცის მშვიდობის ფასი, წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია – ამის შესახებ ს მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის შეხვედრაზე „მშვიდობისმყოფელები და მშვიდობის დამცველები: გლობალური უსაფრთხოების საყრდენის ძიებაში“.
“ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, დიდი პატივია თქვენთან ერთად ბუდაპეშტში გლობალური დიალოგის მესამე შეხვედრაზე ყოფნა. მადლობას ვუხდი ჩვენს უნგრელ მასპინძლებსა და ორგანიზატორებს იმ სივრცის შექმნისთვის, სადაც ღია საუბარი და სტრატეგიული აზროვნება მისასალმებელი და წახალისებულია. გლობალური წესრიგის შესუსტება და ჰიბრიდული საფრთხეების ზრდა დღევანდელი უსაფრთხოების გარემოს სულ უფრო რთულს ხდის. მე წარმოვადგენ ერს, რომელმაც კარგად იცის მშვიდობის ფასი, რადგან არაერთხელ გამოუცდია ომის მძიმე შედეგები. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც განსაკუთრებულად რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა თავისი პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად აქცია.
საქართველო უძველესი ერია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთი განსაცდელი გამოიარა, შეინარჩუნა ქრისტიანული და ტრადიციული ფასეულობები და დღესაც მტკიცედ იცავს ამ პრინციპებს. დღევანდელ რთულ გარემოში სუვერენიტეტის ცნება კვლავ პოლიტიკური დებატების ცენტრში მოექცა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. სუვერენიტეტი არ ნიშნავს იზოლაციას ან თანამშრომლობაზე უარის თქმას. იგი ნიშნავს პასუხისმგებლობას. ეს არის სახელმწიფოების უფლება და ვალდებულება, მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი ისტორიის, საკუთარი ინტერესებისა და საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიული ნების საფუძველზე.
ამ საფუძვლის გარეშე უსაფრთხოების არქიტექტურა მდგრადი ვერ იქნება. ბოლო წლებში საქართველო უპრეცედენტო საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა. ჩვენ აღვმოვჩნდით დემოკრატიის დაცვის სახელით განხორციელებული მიზანმიმართული და უსამართლო თავდასხმების წინაშე, რომელიც რეალურად მიმართული იყო ქართველი ხალხის ნების, მათი არჩეული ხელისუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ნათლად დავინახეთ, როგორ შეიძლება საერთაშორისო ინსტიტუტები და ჩვენი გულწრფელი ევროპული მისწრაფებები გამოყენებულ იქნეს სუვერენულ სახელმწიფოებზე ზეწოლის ინსტრუმენტად. ასევე ვიხილეთ, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს შიდა საქმეებში საგარეო ჩარევამ და გარე აქტორების მონაწილეობამ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში. ასეთ დროს საზოგადოების მდგრადობა და სიმწიფე ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმტკიცესი საყრდენია“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

