აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული მასალა არის უვარგისი” – ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი

“ჩვენ გადმოგვეცა ექსპერტიზის დასკვნა. ამ საქმეში არაფერი არ დევს გარდა რამოდენიმე პირის მოხსენებითი ბარათისა და ისმის ძალიან მოკლე მონაკვეთში, იქ არც ნიკა მელია ჩანს, მრავალ ფრაზებს შორის, ისმის უხამსი ფრაზა, რომელიც ბრალად შეერაცხა ნიკა მელიას, რომ ეს იყო მოსამართლის შეურაცხყოფა. თუმცაღა ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული მასალა არის უვარგისი და აღნიშნული ფრაზის მიხედვით ვერ დადგინდება მისი წარმომთქმელი. შესაბამისად, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დადგინდეს მონტაჟია, აქვს თუ არა ხარვეზი და შესაბამისად, ექსპერტიზამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი აუდიო-ვიდეოჩანაწერის შესაბამისად, ვერ დავადგენთ ვის მიერ არის წარმოთქმული ეს ფრაზა” – ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

4 თვის წინ გამართულ პროცესზე “მოსამართლის შეურაცხყოფის საბაბით”, პროკურატურამ გუშინ, 9 თებერვალს, პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას ახალი, რიგით მეოთხე ბრალი წარუდგინა, რომელიც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, ნიკანორ მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა.

ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინაიდან, ნიკანორ მელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, პროკურატურა სასამართლოს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს” – ამტკიცებს პროკურატურა

ნიკა მელიას წელიწადნახევრიანი სასჯელი უკვე აქვს შეფარდებული მოსამართლისთვის წყლის შესხმის ბრალდებაზე.

იტვირთბა....