აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სინამდვილეში, გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა” – ზურაბ ჯაფარიძე

სინამდვილეში, გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, მას საბოტაჟსა და მტრული სახელმწიფოებისთვის დახმარებას ედავებიან.

„ორი ბრალი არის ჩემს შემთხვევაში და არა მარტო – ჩემი, ხოშტარიას და ვაშაძის შემთხვევაში ორი ბრალია და სხვების შემთხვევაში ერთი. ერთ შემთხვევაში საუბარია საბოტაჟზე. ყველა პოლიტიკური ლიდერი აქ იქნება. საუბარია 2002 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე, რომ ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის ორგანიზატორი. არაფერი აქვთ საქმეში სინამდვილეში. მთავარი მტკიცებულება რაც აქვთ, არის დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენება. „სინდისის პატიმრებისგან“ განსხვავებით, სადაც ეს პოლიციელები ვერავის ადებდნენ ხელს, ახლა გადააკეთეს ეს და დაახლოებით 20-მდე პოლიციელია, რომელიც ზღაპრებს ჰყვება, რომ ვითომ დაგვინახეს მე და ვიღაცები, ვითომ ხალხს მოვუწოდებდით – აბა, გავექანეთ ახლა და პარლამენტში შევარდით. რომ ვითომ იქით მამუკა, ბადრი და გახარია მოუწოდებდნენ, ცეცხლი წაუკიდეთ და ა.შ. ასეთი სიგიჟეები წერია. დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენებაა. ამის მიღმა რაც აქვთ, არის გაკეთებული ვიდეო და აუდიო-ჩანაწერები საჯარო შეხვედრებიდან. მე, ელენე ხოშტარია და ვაშაძე, სადაც საჯაროდ რაღაცებს ვყვებით. აქვთ ჩემი საზაფხულო ბანაკებიდან ჩანაწერებიც, რომელიც მანამდე „იმედმაც“ ატრიალა. სხვათა შორის, ჩანს იარაღიც, სადაც ჩვენ ჩვენი იდეოლოგიიდან გამომდინარე, ადამიანებს ვუხსნით, რატომ არის მნიშვნელოვანი იარაღის ტარების უფლების დაკანონება ქვეყანაში, რაც აშშ-ში, ძალიან ბევრ შტატში არსებობს. სიმძაფრისთვის ანახებენ, რომ აი, ნახეთო. ყველა იარაღი, რომელიც კადრში ჩანს, არის ლეგალური. ლეგალურად აქვთ ადამიანებს შეძენილი, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ვუხსნით და ვასწავლით ახალგაზრდებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ყველა ჩანაწერი არის ძველი და არაფერი კავშირი არ აქვს იმ მოვლენებთან.

„მეორე საქმე არის მტრული სახელმწიფოებისთვის დახმარება, სადაც საუბარია კონკრეტულად იმაზე, რომ ჩვენ, პოლიტიკოსების ნაწილი ვმუშაობდით სხვადასხვა ქვეყანასთან იმისთვის, რომ დაესანქცირებინათ საქართველოში „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ლიდერები. გასაგებია, რომ მთავარი ამბავი არის ბიძინას დასანქცირება. სინამდვილეში, გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. მტკიცებულებად არის ჩვენი საჯარო განცხადებები, სადაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სანქციებზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ბანაკში გადაღებული კადრები არის ფარულად გადაღებული, რომელიც მანამდეც გაასაჯაროვა „იმედმა“ და იქ ახალი არაფერი არის. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საქმეში არსებული მტკიცებულებები, სადაც სანქციებზე საუბრობენ, ყველა საჯაროდ გაკეთებული განცხადებაა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

იტვირთბა....