უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ევროკავშირს უკრაინის დასავლეთით ორი სამხედრო სასწავლო ცენტრის მოწყობა შეუძლია. ამის შესახებ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ანონიმურობის დაცვით განაცხადა.
წყაროს ცნობით, 11 თებერვალს თავდაცვის საკითხებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომისას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თავდაცვის მინისტრებთან ამ ვარიანტებს განიხილავს.
„შემდეგ მოიპოვებს მათ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, უმაღლესი წარმომადგენელი ევროკომისიასთან ერთად იკვლევს უკრაინის სამხედრო მომზადების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ვარიანტებს. უკრაინა განიხილავს რამდენიმე სასწავლო ცენტრის მოდერნიზაციას უკრაინის დასავლეთით და ჩვენ ვფიქრობთ მათგან ორის მხარდაჭერაზე”, – განაცხადა წყარომ უკრაინულ მედიასთან.
ასევე, როგორც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ევროკავშირი განიხილავს მონაწილეობას ან მხარდაჭერას უკრაინაში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის მონიტორინგში.

