აშშ ევროპელებს ნატო-ს ორი სამეთაურო პუნქტის მართვას გადააბარებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ნატო-ს სარდლობის საკადრო ცვლილებების ფარგლებში ევროპელი ოფიცრები ნეაპოლში მდებარე ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლობას და ნორფოლკში მდებარე გაერთიანებული ძალების სარდლობას გადაიბარებენ, რომლებსაც ახლა ამერიკელი ადმირალები მართავენ.
სააგენტოს ცნობით, ეს ნაბიჯი შეესაბამება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
„მოკავშირეები ნატო-ს სარდლობის სტრუქტურის ფარგლებში ოფიცრების პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე შეთანხმდნენ და ევროპელი მოკავშირეები ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობაში უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ“, – განუცხადა „როიტერს“ ნატო-ს ოფიციალურმა პირმა.

