აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

„ფაინენშალ თაიმსი“ – ევროპული გადახდების ინიციატივის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროპას სასწრაფოდ სჭირდება Visa-სა და Mastercard-ის ალტერნატივა

ევროპას სასწრაფოდ სჭირდება Visa-სა და Mastercard-ის ალტერნატივა, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ ევროპული გადახდების ინიციატივის ხელმძღვანელზე, მარტინა ვაიმერტზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ევროპამ სასწრაფოდ უნდა შეამციროს Visa-სა და Mastercard-ზე დამოკიდებულება, რადგან თუ აშშ-თან ურთიერთობები გაუარესდება, ევროპულ ბაზარზე ამერიკის დომინირება, შეიძლება, იარაღად იყოს გამოყენებული.

ევროპული გადახდების ინიციატივის (EPI) ხელმძღვანელმა, მარტინა ვაიმერტმა განაცხადა, რომ ევროპა კვლავ ძალიან დამოკიდებულია საერთაშორისო გადახდის სისტემებზე.

„ჩვენ ძალიან დამოკიდებულები ვართ საერთაშორისო გადახდის სისტემებზე. დიახ, გვაქვს ეროვნული გადახდის სისტემები, როგორიც არის შიდა ბარათის სქემები, მაგრამ არ გაგვაჩნია საზღვრებს გარეთ. თუ ვამბობთ, რომ დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და ყველამ ვიცით, რომ ეს დროის საკითხია, სასწრაფოდ გვჭირდება ზომების მიღება“, – განაცხადა ვაიმერტმა.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის წევრ 13 ქვეყანას საერთოდ არ გააჩნია ეროვნული ალტერნატივა და იქაც კი, სადაც ასეთი სისტემები არსებობს, მათი გამოყენება მცირდება.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ აშშ-თან ურთიერთობების გაუარესების შემთხვევაში აშშ-ის გადახდის კომპანიების დომინირება, შეიძლება, ზეწოლის იარაღად იყოს გამოყენებული.

2024 წელს EPI-ს წევრმა ბანკებმა Apple Pay-ის ევროპული ალტერნატივა – ციფრული გადახდის სისტემა Wero შექმნეს. პლატფორმას ამჟამად ბელგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში 48.5 მილიონი ადამიანი იყენებს. ამავდროულად, ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროს (ელექტრონული საფულის) პროექტს უწყობს ხელს.

„პრობლემა ციფრულ ევროსთან არის ის, რომ ის გამოჩნდება რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გვიანდება“, – აღნიშნა ვაიმერტმა.

იტვირთბა....