რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლია ოდესის და ხარკოვის ოლქებში.
დრონებით შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. გამოცხადდა საჰაერო განგაში.
9 თებერვალს გამთენიისას ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი. ხანძრები გაჩნდა მრავალბინიან სახლსა და არასაცხოვრებელ შენობაში, დაზიანებულია გაზსადენი.
დრონებით შეტევა იყო ხარკოვის ოლქზეც. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარკოვის ოლქის მალოდანილოვის რაიონის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანებულია სახლები.
განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის ქალაქ ბოჰოდუხოვში რუსული დრონით დარტყმის შედეგად განადგურებულია კერძო სახლი. დაიღუპნენ ქალი და 10 წლის ბიჭი. დაშავებულია სამი ადამიანი.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად სინელნიკოვის რაიონში დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგო. ხანძარი გაუჩნდა 3-სართულიან სახლს. სამი კერძო სახლი დაზიანდა ამავე ოლქის ვასილკოვის რაიონში.

