აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მილანში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს პოლიციამ აქციის ექვსი მონაწილე დააკავა

მილანში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს პოლიციამ აქციის ექვსი მონაწილე დააკავა.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც მედია წერს, იტალიის ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რათა გაეპროტესტებინათ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის საცხოვრებელი ხარჯები, ზამთრის ოლიმპიური თამაშების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი და საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების იტალიაში ყოფნა.

დემონსტრანტების გარკვეული ჯგუფი პოლიციელებს ქვებსა და პიროტექნიკას ესროდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი. მელონიმ ოლიმპიადის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე გამოსულ აქციის მონაწილეებს იტალიის მტრები უწოდა.

მისი თქმით, ამჟამად ათასობით იტალიელი შრომობს ოლიმპიადის შეუფერხებლად ჩატარებისთვის.

„ბევრი მოხალისეა, რადგან სურთ, მათმა ქვეყანამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს. ასევე არიან ასეთებიც: იტალიის მტრები, იტალიელები, რომლებიც დემონსტრაციებს ატარებენ ოლიმპიადის წინააღმდეგ. ეს სურათები მთელ მსოფლიოში ტელევიზიის ეკრანებზე ხვდება“, – აღნიშნა მელონიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, სოლიდარობას უცხადებს სამართალდამცავ ორგანოებს.

იტვირთბა....