ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

საბჭოთა აზროვნება და გაშიშვლებული პერსონები: მოსამართლეს ბინას სიმბოლურ ფასად აძლევენ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომელიც დღეს ბათუმის მერიის საკუთრებაშია. ბათუმის მერია თანახმაა ბინა, რომლის ფართობია 125 კვ/მეტრი, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს, შემდგომში ამ ბინის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

ორგანული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მესამე მუხლის მე-4 პუნქტში წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები.

მესამე მუხლი განმარტავს სასამართლოს დაფინანსების ფორმებსაც.

სავალდებულოა, საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას და მოსამართლის დამოუკიდებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე ორგანიზაციული კოდით. სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინასწარი თანხმობით. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ბიუჯეტის პროექტს წარადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.

მოსამართლისთვის ბინის გადაცემის ფაქტს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა და როგორც ჩანს ახლანდელი ხელისუფლება აგრძელებს ამ მანკიერ პრაქტიკას.

“დაუშვებლად მიგვაჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების იმგვარი გამოყენება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში მოსამართლეს სიმბოლურ ფასად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმიანობისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და ამ პროცესში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა იქნეს გამოყენებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროცესში ქონების გადაცემას აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ხოლო ქონების მიმღები/მესაკუთრე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელია. მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაციების არ არსებობის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის, უძრავი ქონების – საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაცემის ფაქტმა (ფაქტებმა) შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, ისევე, როგორც საზოგადოების მათდამი ნდობაზე და ჩრდილი მიაყენოს ინდივიდუალური მოსამართლეების, ასევე სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლზე საზოგადოების თვალში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შემთხვევა ხელისუფლების მიერ, სხვადასხვა პირებისათვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რასაც გასულ წლებში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში და რაც წლების განმავლობაში საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნული კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, მოსამართლეებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხს დაარეგულირებდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად: სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები. თუმცა, კანონის ეს ჩანაწერი ბუნდოვანია და ნორმა არ განმარტავს, თუ კონკრეტულად რა მოიაზრება „ცხოვრების ღირსეული პირობების“ შექმნაში, ხოლო ამ ჩანაწერის აღსრულების პრაქტიკა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მანკიერი ფორმით ვითარდება.

მოვუწოდებთ საქართველო მთავრობას:

–  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების – საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, დროულად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები.

– აღნიშნული რეგულაციები დაფუძნებული უნდა იყოს მოსამართლეთათვის, მოსამართლეობის ვადით, საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემაზე და არა სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემაზე.

– აღნიშნული რეგულაციების მიღებამდე, საქართველოს მთავრობამ უნდა შეაჩეროს პრაქტიკა, რომელიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემას უკავშირდება”. – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელი, გიორგი დავითური სწორედ მე-3 მუხლის 4 პუნქტს იშველიებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია  „მოსამართლეს შეუქმნას მოღვაწეობისთვის და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები“. იგულისხმება თუ არა აღნიშნულ “ღირსეულ პირობებში” სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი საჩუქრები, დავითური “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფოს ვალდებულება გააჩნია ადეკვატური პირობები შეუქმნას მოსამართლეებს.

“მოცემულ შემთხვევაში, როგორ განახორციელებს სახელმწიფო ამ ვალდებულებას ეს  მისი გადასაწყვეტია. რაც  შეეხება მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხს, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადმოვიდა ბათუმში, ეს არ არის პრეცენდენტი, როდესაც ახალდანიშნულ მოსამართლეს გადაეცა ბინა, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. შესაბამისად, სახელმწიფომ აირჩია ეს ვალდებულება განახორციელოს ბინის გადაცემის გზით და ამ ქმედების საკანონმდებოლო საფუძველი არსებობს. კანონი ადგენს სხვადასხვა გარანტიებს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ხელფასი არ იგულისხმება ამაში. ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და სხვა სოციალური გარანტიები მოწესრიგებულია სხვა კანონით, მაგრამ დროებით სარგებლობაში გადაეცემა ბინა თუ არა, ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. თუმცა, აქამდე არსებული პრაქტიკით, ბინა მოსამართლეებს საკუთრებაში გადაეცემოდა.” – აცხადებს დავითური.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის ბინის გადაცემას აპროტესტებენ „თავისუფალი დემოკრატები“. მათი თქმით, ბათუმის მერიაში წლებია უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანი ელოდება საცხოვრებლით დაკმაყოფილებას.

“როგორც ჩანს, მერაბ ტურავა მოძრაობდა ქალაქში და შეარჩია მისთვის სასურველი მისამართი და ბინა. მისი მიმართვის პირველი ადრესატი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც თავის მხრივ, ეს წერილი გადაუგზავნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. ამ უკანასკნელმა კი მოთხოვნა გადაუგზავნა ქონების მართვის სააგენტოს, საიდანაც მიმართვა გაკეთდა ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობის მისამართით მოსამართლის ბინით დაკმაყოფილების შესახებ. მთელი სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერთო იმ ფერხულში რასაც ჰქვია მერაბ ტურავასთვის ერთ ლარად ბინის გადაცემის პროცესი. რა თქმა უნდა, იმ ფონზე, როცა ბათუმში 2 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ითხოვს ბინით უზრუნველყოფას და ვერ ხერხდება მათი დაკმაყოფილება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხის განსახილველადაც კი წარმოდგენა საკრებულოზე. ამიტომ, დღეს ბიუროს სხდომაზე ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების საკითხს დავაყენებთ”. – განაცხადა პარტიის წევრმა კობა ჩხაიძემ.

“მეტრონომთან“ საუბარში კონსტიტუციონალისტი კარლო გოდოლაძე განმარტავს, რომ მოსამართლეთათვის სახლის საკუთრებაში გადაცემას ვენეციის კომისია საბჭოურ გადმონაშთს უწოდებს.

„მანამდე სხვა მოსამართლეებსაც ჰქონდათ ნომინალურ ფასად გადაცემული უძრავი ქონება საკუთრებაში. შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლო ამ პრაქტიკით სარგებლობს. რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტს, ვენეციის კომისიას როგორც ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციას აქვს სტანდარტი და ამ ტიპის მიდგომას საბჭოურ მიდგომას უწოდებს. კომისია ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა იყოს გარანტირებული, ამ ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამორიცხული, რადგან ამან მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შესაძლოა შეუქმნას საფრთხე. ზოგადად ამ ტიპის პრაქტიკა ჯერ კიდეც საბჭოთა კავშირიდან მოდის და შემდეგ როდესაც საბჭოთა კავშირის კოლაფსი მოხდა, როგორც ვენეციის კომისია აღნიშნავს, ეს პრაქტიკა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში გაგრძელდა. საერთაშორისო ექსპერტების ძირითადი მითითებაა, რომ სახელმწიფომ იმგვარად უზრუნველყოს ადეკვატურად მოსამართლის არსებობა ღირსეულად, რომ ეს არ შეეხოს მატერიალურ განზომილებას, ამ შემთხვევაში ბინა, ან რაიმე ქონება პირდაპირ არ უნდა მიიღოს კონკრეტულმა მოსამართლემ, რადგან ამან გრძელვადიან პერსპექტივაში მართმსაჯულებასთან დაკავშირებით შესაძლოა კითხვები გააჩინოს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის სჯობს მართმსაჯულებაზე იყოს გამოყოფილი თანხა და მართმსაჯულება საკუთარი ავტონომიის ფარგლებში განკარგავს მას“. – აცხადებს გოდოლაძე.

ჩვენ დავუკავშირდით კონსტიტუციონალისტ ვახუში მენაბდესაც, თუმცა მან განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია სურს თუ არა საჯაროდ ამ საკითხზე საუბარი. მენაბდის თქმით, ტურავას საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და ამის გარკვევას ცდილობს.

განსხვავებით მედიასთან ურთიერთობებისგან, მენაბდე აქტიურია სოციალურ ქსელში. “ფეისბუქზე” ის საიას განცხადებას პოპულისტურ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ განცხადების პათოსს ორგანიზაციის ყველა წევრი არ იზიარებს.

„აბსოლუტურად გაუგებარი არგუმენტია: ,,საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის, უძრავი ქონების – საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაცემის ფაქტმა (ფაქტებმა) შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე […].” შეიძლება ეს საჯარო ქონების არაციონალური ხარჯვა იყოს მაგრამ დამოუკიდებლობას რატომ უქმნის საფრთხეს? ვინაიდან ამაზე ადრეც გვიმსჯელია ვიცი ამას ყველა საიას თანამშრომელი არ იზიარებს. პოპულარული აზრი ყოველთვის საღი აზრი არ არი“. – წერს მენაბდე.

ასეა თუ ისე, სასამართლო სისტემის დეკლარირებული რეფორმის გზაზე, თუკი აქამდე პრაქტიკული შედეგების დანახვა ჭირდა, ეს მაგალითი თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რა მიმართულებით და სულისკვეთებით ხორციელდება აღნიშნული რეფორმები სისტემაში. ფაქტია, ეს მაგალითი სასამართლო ხელისუფლების მანკიერ მხარეს მარტივად წარმოაჩენს და აშიშვლებს საბჭოთა ტვინიდან ვერგამოსულ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მსგავს პროცესებში, დაწყებული სამინისტროს ზოგიერთი ხელმძღვანელისგან, გაგრძელებული რიგითი მოსამართლით. მსგავსი პერსონები მზად არიან პირადი თუ პოლიტიკური მიზნების გამო, არაფრად ჩააგდონ ინსტიტუტების მშენებლობის პროცესი და ზოგადად, სახელმწიფო ინტერესები.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

იტვირთბა....