გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ჯეფრი ეფშტეინის მსხვერპლს ბოდიშს უხდის და ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დასაყენებლად.
სტარმერის განცხადებით, ეპშტეინისგან დაზარალებულები ცხოვრობენ ტრავმით და მათთვის ამ დრომდე სამართალი არ აღსრულებულა.
„ეპშტეინის მსხვერპლებმა გადაიტანეს ტრავმა, რომლის წარმოდგენაც მრავალი ჩვენგანისთვის შეუძლებელია და ახლა უწევთ ხელახლა განიცადონ ის. ხედავდნენ, რომ პასუხისმგებლობა ჭიანურდებოდა ან, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ უარს ეუბნებოდნენ ამაზე. მინდა, მივმართო მათ, ძალიან ვწუხვარ, ბოდიში იმისთვის, რაც თქვენ გაგიკეთეს, ბოდიში, რომ ამდენმა ადამიანმა დაგაღალატათ“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
სტარმერი ასევე ბოდიშს იხდის აშშ-ში ელჩად პიტერ მენდელსონის დანიშვნის გამო, რომლის შესახებ ეპშტეინის მასალების გასაჯაროების შემდეგ გაირკვა, რომ მეგობრობდა და ახლო კონტაქტში იყო სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებულ ფინანსისტთან.
„ბოდიში, რომ დავიჯერე მენდელსონის სიცრუე და დავნიშნე ის. ბოდიში, რომ ახლაც კი, იძულებული ხართ, უყუროთ, როგორ საჯაროვდება ეს ისტორია ხელახლა. მენდელსონის ქცევასთან დაკავშირებით სერიოზული ბრალდებები და მტკიცებულებებია. მათ შორის, ურთიერთობა ეპშტეინთან, სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებულთან. უკვე ცნობილია, რომ მენდელსონი იცნობდა ეპშტეინს, მაგრამ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა ამ ურთიერთობის სიღრმე. რაც გაცხადდა და რაც მისი დანიშვნის დროს ცნობილი არ იყო, ამან სერიოზული კითხვები გააჩინა “, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

