პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ CBS News-თან ინტერვიუში რუსული საფრთხის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუკი ვლადიმირ პუტინი მივა დასკვნამდე, რომ უკრაინის დაპყრობას “მისაღებ ფასად” ვერ შეძლებს.
“ჩვენთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია ფუნდამენტურად ეგზისტენციალურია. რუსეთის მხრიდან ჩვენ საფრთხეს ვგრძნობთ. რუსეთი ომს აწარმოებდა, ოკუპირებული ვყავდით და საუკუნეზე მეტხანს რუკიდან გაგვაქრო. ასე რომ, როდესაც ისინი ჩვენ გვემუქრებიან, ჩვენ მათი გვჯერა და ახლა მათ უკრაინის დასაპყრობად იმაზე უფრო დიდი დრო დახარჯეს, ვიდრე – საბჭოთა კავშირმა, როცა ისინი ნაცისტებს ებრძოდნენ.
ჩვენი გათვლებით, მათ ალტერნატიული დანახარჯის სახით უკვე დაკარგეს ტრილიონი დოლარი ამ ომში ბრძოლით და ჰყავთ მილიონზე მეტი დაჭრილი და დაღუპული სამხედრო, და მაინც, ამერიკელ მომლაპარაკებლებს წარმატებას ვუსურვებთ სამართლიანი მშვიდობის დამყარებაში, მაგრამ პრეზიდენტი პუტინი, როგორც ჩანს, იმ ტერიტორიებს ითხოვს, რომელთა დაპყრობაც კი არ შეუძლია, ხოლო ევროპაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპული კოლონიალიზმის დრო უნდა დასრულდეს.”
“[…] ეს კოლონიური ომები, ჩვეულებისამებრ, ათწლეულს გრძელდება და მხოლოდ მაშინ მთავრდება, როცა აგრესორი მივა დასკვნამდე, რომ მისაღებ ფასად დაპყრობას ვერ მიაღწევს. იმედია, პუტინს მივცემთ სტიმულს, რომ ამ დასკვნამდე მივიდეს.” – დაამატა მან.
კითხვაზე, თუ როგორ საფრთხედ აღიქვამს რუსეთს პოლონეთი და უნდა იყოს თუ არა მზად ვარშავა ისეთივე ომში საბრძოლველად, როგორშიც, NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, წინა საუკუნეში ევროპული ქვეყნების წინაპრები იბრძოდნენ, შიკორსკიმ უპასუხა, რომ ასეთი სცენარის წარმოდგენა შესაძლებელია, თუმცა, მისი თქმით, რუსეთს ბევრ ომში წაგებულიც ყოფილა.
“ისინი წარსულში ბევრჯერ დაგვესხნენ თავს, ასე რომ, ეს წარმოსადგენია, მაგრამ რუსეთს მრავალ ომში წაგებულიც აქვს. პოლონეთი თავისი მშპ-ს ყველაზე დიდ წილს ხარჯავს თავდაცვაზე NATO-ში, მათ შორის, აშშ-ზე მეტსაც. ჩვენ ასევე ამერიკული აღჭურვილობის დიდი მომხმარებლები ვართ, რომლის წარმოებაც აშშ-ს 16 შტატში ხდება: Apache-ის ვერტმფრენები, Abrams-ის ტანკები, F-35-ები, F-16-ები უკვე გვაქვს, HIMARS-ები.
თუ იმას გავაკეთებთ, რისი პირობაც NATO-ს ჰააგის სამიტზე დავდეთ, კერძოდ, ტრამპის პირველ ვადასთან შედარებით თავდაცვის ხარჯის გაორმაგების შემდეგ კიდევ გაორმაგებით, დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ჯარი გვეყოლება, არა მხოლოდ პოლონეთს, არამედ ევროპასაც, რომ პუტინი პატივს სცემს და არ შეეცდება მის გამოცდას, და ამავდროულად, ჩვენ გავხდებით უფრო ღირებული პარტნიორად აშშ-ში.” – ამბობს პოლონეთის საგარეო მინისტრი ინტერვიუში

