აქტუალური თემა ახალი ამბები

„ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაცხადა თანამშრომელთა მასშტაბური შემცირება, რომელიც რამდენიმე დეპარტამენტს ეხება

გავლენიან ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში“ თანამშრომელთა ნაწილი დაითხოვეს, მათ შორის არის კორესპონდენტი კიევში. „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაცხადა თანამშრომლების მასშტაბური შემცირება, რომელიც რამდენიმე დეპარტამენტს ეხება. სამსახურიდან გათავისუფლდნენ სპორტის, ადგილობრივი ახალი ამბების დეპარტამენტების თანამშრომლები და საერთაშორისო კორესპონდენტები.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია გაავრცელეს გაზეთის კორესპონდენტმა უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთის ბიუროს თანამშრომლებმა.

გამოცემას არ დაუსახელებია, რამდენ თანამშრომელს შეეხება შემცირება, თუმცა ამერიკული მედია წერს, რომ საუბარია სრული შტატის 30%-ზე.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, „ვაშინგტონ პოსტის“ 800 ჟურნალისტიდან 300 გათავისუფლდება.

გაზეთის აღმასრულებელმა რედაქტორმა, მეტ მარეიმ განაცხადა, რომ თანამშრომელთა შემცირებამ გამოცემას სტაბილურობა უნდა მოუტანოს.

„დღევანდელი ახალი ამბავი მტკივნეულია. ეს რთული გადაწყვეტილებაა. ჩვენ თუ გვსურს არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ განვვითარდეთ კიდეც, მაშინ ჩვენ უნდა გადავაფორმატოთ ჩვენი ჟურნალისტიკა და ჩვენი ბიზენსმოდელი ახალი ამბიციების დამატებით“, – დაწერა მარეიმ თანაშრომლებისთვის მიმართვაში.

მარეის თქმით, შემცირება ასევე უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებას, რამაც გაზეთის ვებგვერდის მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად შეამცირა.

„ჩვენ ძალიან ხშირად ვწერთ ერთი კუთხით, აუდიტორიის ერთი სეგმენტოსთვის“, – დაწერა მარეიმ.

მისივე თქმით, ამიერიდან „ვაშინგტონ პოსტი“ ფოკუსირებული იქნება პოლიტიკის, ეროვნული უსაფრთხოების, გამოძიებისა და ასევე ჯანდაცვასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ თემებზე.

ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილმა „ვაშინგტონ პოსტის“ ხელმძღვანელობის მიერ შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

მარტი ბარონმა, რომელიც 2021 წლამდე „ვაშინგტონ პოსტის“ მთავარი რედაქტორის თანამდებობას იკავებდა, მომხდარს გამოცემის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი დღე უწოდა.

ცნობისთვის, „ვაშინგტონ პოსტი“ ერთ-ერთი უძველესი ამერიკული გამოცემაა. 2013 წელს ის მილიარდერმა და „ამაზონის“ დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა შეიძინა. გამოცემამ ათობით ათასი გამომწერი დაკარგა მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონ პოსტი“ პრეზიდენტობის კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. „ვაშინგტონ პოსტი“ 1970-იანი წლებიდან მუდამ მხარს უჭერდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს.

იტვირთბა....