ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ პროპაგანდის მიზნით კომისიების შექმნის, სუს-ის გამოძიებებისა და პოპულისტური შოუების მიუხედავად, სახელმწიფო ფასების შემცირებას ვერ ახერხებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება „უფრო და უფრო მძიმდება“.
„პოლიტიკურად გაკოტრებულმა „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების მოტყუება და მაღალი ფასების წინააღმდეგ პოპულისტური კამპანია დაიწყო, რომელიც თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული.
გუშინ ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ პროპაგანდის მიზნით კომისიების შექმნის, სუს-ის გამოძიებების და პოპულისტური შოუების მიუხედავად, სახელმწიფო ფასების შემცირებას ვერ ახერხებს. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან დღეს ქვეყანას ივანიშვილის კორუმპირებული „ქართული ოცნება“ მართავს, რომელსაც არ შესწევს უნარი უპასუხოს მოქალაქეების წინაშე მდგარ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი მათ სოციალურ პრობლემებს. ეს უკვე დაადასტურა სტატისტიკის სამსახურმა, რომლის თანახმადაც, იანვარში ინფლაციამ 4.8% შეადგინა, ხოლო სურსათზე ფასები 10.6%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად გაძვირდა სახელმწიფო სერვისები, საშუალოდ 150%-ით. მაგალითად, ჩვენს დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ ქვეყანაში ქორწინების რეგისტრაცია 50%-ით არის გაძვირებული.
ეს მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება უფრო და უფრო მძიმდება, ასიათასობით ადამიანს არ ჰყოფნის შემოსავალი თვიდან თვემდე საარსებოდ და არჩევანის გაკეთება უწევს კომუნალური გადასახადის გადახდას, მედიკამენტის შესყიდვას და საკვების შეძენას შორის. წლიდან წლამდე გაზრდილი ფასები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 14 წლის წინ ხელისუფლებაში ფასების შემცირების დაპირებით მოვიდა, ყოველდღიურად აძვირებს ცხოვრებას და აღარიბებს მოსახლეობას, რათა ეფექტურად დაიმორჩილოს და შეუფერხებლად მართოს!“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ფასები შემცირდეს.
„ზოგადად, რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ფასებს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ერთად ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა გამონახოს ფასების შემცირების გზები.

