აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, აშშ-სა და რუსეთს არ აქვთ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება, რომელიც ზღუდავს მათ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, აშშ-სა და რუსეთს არ აქვთ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება, რომელიც ზღუდავს მათ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს. დღეს ვადა ეწურება „სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ შეთანხმებას“, რომლებიც მხარეებმა 2010 წელს გააფორმეს.

მისი დებულებების თანახმად, ორივე ქვეყანამ აიღო ვალდებულება, შეემცირებინა სტრატეგიული ბირთვული ძალები და გაეხსნა კარი ფართომასშტაბიანი შემოწმებისთვის შესაბამისობის დასადასტურებლად.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დადებული პაქტი, რომელიც ოფიციალურად ცნობილი იყო, როგორც „სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომების შესახებ ხელშეკრულება“, თითოეულ მხარეს ზღუდავდა არაუმეტეს 1 550 ბირთვული ქობინით 700-ზე მეტ რაკეტასა და ბომბდამშენზე.

თავდაპირველად, მისი ვადა 2021 წელს უნდა გასულიყო, თუმცა კიდევ ხუთი წლით გაგრძელდა. პაქტი ასევე ითვალისწინებდა ადგილზე მასშტაბურ შემოწმებებს შესაბამისობის დასადასტურებლად, თუმცა ისინი 2020 წელს „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შეწყდა და აღარ განახლდა.

2023 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კრემლს არ შეეძლო აშშ-ს მიერ მისი ბირთვული ობიექტების ინსპექტირების დაშვება იმ დროს, როდესაც ვაშინგტონმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა ღიად განაცხადეს თავის მიზნად მოსკოვის დამარცხება უკრაინაში.

ამავდროულად, კრემლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის სრულად არ ტოვებს პაქტს და პირობა დადო, რომ პატივს სცემს ბირთვული იარაღის ლიმიტს. პუტინმა ასევე თქვა, რომ შეთანხმების ვადის გასვლის დაშვება „დესტაბილიზაციის“ გამომწვევი იქნებოდა და შესაძლოა, ბირთვული იარაღის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რომელმაც თანამდებობაზე ყოფნის დროს ხელი მოაწერა შეთანხმებას, განაცხადა, რომ მისი ვადის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი შეიარაღების რბოლა, რაც მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს გახდის“.

რუსეთსა და აშშ-ს ერთად ბირთვული იარაღის დაახლოებით 90 პროცენტი აქვთ. ორივე ქვეყანა ახორციელებს ფართომასშტაბიან მოდერნიზაციის პროგრამებს მათი ბირთვული ტრიადის სამივე საფეხურისთვის (სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო), რამაც შეიძლება, მომავალში გაზარდოს მათი არსენალების ზომა და მრავალფეროვნება.

2022 წელს მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პუტინი არაერთხელ დაიმუქრა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებით და განაცხადა, რომ მზად იყო, გამოეყენებინა „ყველა საშუალება“ მისი უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად.

2024 წელს მან ასევე ხელი მოაწერა გადახედილ ბირთვულ დოქტრინას, რომელიც ამცირებს ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარს. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა ვაშინგტონის გეგმებზე, განაახლოს მიწისქვეშა ბირთვული დეტონაციის ტესტები.

ტრამპს სურს, რომ შეიარაღების კონტროლის ნებისმიერ მომავალ შეთანხმებაში ჩინეთიც იყოს ჩართული. ამ იდეას, პეკინი უარყოფს, ხოლო მოსკოვი არასაჭიროდ მიიჩნევს.

იტვირთბა....