უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.
მისი თქმით, მუშაობა ცალკეულ ჯგუფებში გაგრძელდება კონკრეტულ სფეროებზე ფოკუსირებით, რის შემდეგაც იგეგმება პოზიციების ერთობლივი სინქრონიზაცია.
„ჩვენ ვმუშაობთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო დირექტივების ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ღირსეულ და ხანგრძლივ მშვიდობას. ჩვენ ვაცნობებთ სახელმწიფოს მეთაურს მოლაპარაკებების თითოეული ეტაპის პროგრესის შესახებ“, – წერს უმეროვი.
ცნობისთვის, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამმხრივი შეხვედრები 4-5 თებერვალს გაგრძელდებოდა.
მოლაპარაკების პირველ რაუნდზე აშშ-ის დელეგაციას წარმოადგენდა სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი; უკრაინული დელეგაციის წევრები იყვნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი მოადგილე სერგეი კისლიცა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელი ანდრეი გნატოვი. რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციას მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი ხელმძღვანელობდნენ.

