ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებების განხილვა გრძელდება. საკითხზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ცვლილებების მიხედვით, სრული ზოგადი განათლება 11 კლასით განისაზღვრება. უქმდება სკოლის სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების წესი, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, სავალდებულო ხდება მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება, განისაზღვრება მობილური ტელეფონის გამოყენების წესები. რაც შეეხება უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებებს, ის ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ სკოლაში 11-წლიანი სწავლების პროცესი სწავლის უცხოეთში გაგრძელებას ხელს არ უშლის.
“თითქოს სასკოლო სისტემა, როდესაც გადავა არჩევითად მე-12 კლასზე და სავალდებულო იქნება მხოლოდ 11 კლასი, ეს თითქოს რაიმე კუთხით პრობლემას შეუქმნის იმ ადამიანის სურვილს, რომ გააგრძელოს უცხოეთში სწავლა, ეს არის სრული აბსურდი. ეს არ ეხება საერთოდ ბოლონიის პროცესს, უფრო მეტიც, ის, რომ 11-წლიან ინტენსიურ სწავლებაზე გადავა სასკოლო სისტემა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი“, – აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

