კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის (KIIS) გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 42% მიიჩნევს, რომ მოქმედი თანამდებობის პირები ომის შემდეგ ხელისუფლებაში არ უნდა დარჩნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, უკრაინელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მთავრობის წარმომადგენლებს შორის არიან ნამდვილი ექსპერტები და მათ შეუძლიათ, ომის შემდეგაც დარჩნენ ხელისუფლებაში.
კვლევაზე დაყრდნობით, KIIS აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად ენდობიან გამოკითხულები ქვეყნის პრეზიდენტს, მით უფრო მეტად სჯერათ, რომ მოქმედ მთავრობაში არიან ღირსეული წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ ომის შემდეგაც დარჩნენ ხელისუფლებაში.
ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიმართ ნდობა იანვრის ბოლოსთვის მაღალი რჩება. ამჟამად, უკრაინელების უმრავლესობა, 61% კვლავ ენდობა პრეზიდენტს, ხოლო 33% არ ენდობა მას.
ამასთან, კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 35% აცხადებს, რომ ომისა და საომარი მდგომარეობის დროს უკრაინაში დემოკრატიის ნაკლებობაა. ამავდროულად, 36% თვლის, რომ „დემოკრატია იმდენია, რამდენიც უნდა იყოს“, ხოლო 16% თვლის, რომ ის ძალიან ბევრია.
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტმა კვლევა 23-დან 29 იანვრამდე პერიოდში ჩაატარა. მობილური ნომრების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სატელეფონო ინტერვიუების გამოყენებით, 18 წლის და უფროსი ასაკის 1003 რესპონდენტი გამოიკითხა.

