აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ფრიდრიხ მერცი ახალი ენერგეტიკული და ბიზნესგარიგებების გასაფორმებლად სპარსეთის ყურის რეგიონში პირველი ვიზიტით გაემგზავრა” – პოლიტიკო

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ახალი ენერგეტიკული და ბიზნესგარიგებების გასაფორმებლად სპარსეთის ყურის რეგიონში პირველი ვიზიტით გაემგზავრა. მისი თქმით, ახალი ენერგეტიკული და ბიზნესგარიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სა და ჩინეთზე გერმანიის დამოკიდებულების შესამცირებლად.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, „საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამდღიანი ვიზიტი ასახავს გერმანიის კანცლერის მიდგომას „დიდი ძალების პოლიტიკის“ ეპოქის მიმართ, რომელშიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, აშშ-ი აღარ არის სანდო პარტნიორი“.

„მერცის აზრით, ევროპულმა ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა განავითარონ საკუთარი „ხისტი ძალა“ ახალი გლობალური სავაჭრო ალიანსების ჩამოყალიბებით, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უფრო ძლიერი სახელმწიფოების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან“, – წერს „პოლიტიკო“.

გამოცემის ცნობით, მერცს თან ახლავს გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა სფეროში ახალი გარიგებების გაფორმებას, მათ შორის ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებში.

„პოლიტიკოს“ მიხედვით, კანცლერის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გერმანიის მზარდი დამოკიდებულების შემცირება ამერიკულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზე, რომელმაც გერმანიისთვის რუსული გაზის დიდი ნაწილი ჩაანაცვლა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კატარინა რაიხე საუდის არაბეთს ეწვია, რათა ხელი მოეწერა მემორანდუმისთვის, რომელიც ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებას ითვალისწინებს.

გერმანიის მთავრობის მონაცემებით, 2025 წელს გერმანიის მიერ იმპორტირებული გათხევადებული ბუნებრივი აირის 96%-ი აშშ-დან მოდიოდა. მოსალოდნელია, რომ აშშ-ის წილი უახლოეს წლებში მკვეთრად გაიზარდოს. ამის ერთ-ერთი მიზეზია, ევროკავშირი დათანხმდა, ტრამპის ადმინისტრაციასთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, 2028 წლის ბოლომდე აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების გათხევადებული ბუნებრივი აირი შეიძინოს.

„პოლიტიკო“ წერს, რომ მთლიანობაში ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად არის დამოკიდებული ამერიკულ გათხევადებულ აირზე. 2025 წელს ის ბლოკის ბუნებრივი გაზის იმპორტის მეოთხედზე მეტს შეადგენდა. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 40 პროცენტამდე გაიზარდოს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ფრიდრიხ მერცი ასევე ცდილობს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან სავაჭრო კავშირების გაღრმავებას, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურად „საშუალო ძალებთან“ ახალი ალიანსების შექმნას და აშშ-სა და ჩინეთის ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებას.

იტვირთბა....