აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ვლადიმერ პუტინის სახელი 1000-ზე მეტჯერ ფიგურირებს.
„სქაინიუსის“ ინფორმაციით, ელექტრონული ფოსტის მიმოწერიდან ჩანს, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ეპშტეინმა რამდენჯერმე შესთავაზა პუტინს შეხვედრა ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტორბიორნ იაგლანდის მეშვეობით.
როგორც გამოცემა წერს, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ შორის შეხვედრა რეალურად შედგა, თუმცა ჩანს, რომ ეპშტეინს რუსეთის ლიდერთან შეხვედრის მცდელობები ჰქონდა. მათივე ცნობით, არსებობს აუდიოფაილიც, რომელშიც ეპშტეინი უცნობ პირს ასწავლის, როგორ გავიდეს პუტინთან კონტაქტზე.
„მე პუტინს გავუგზავნიდი წერილს, სადაც ეწერება: „ვტოვებ მთავრობას 14 მარტს. მე ვიქნები სკანდინავიაში, ან ვგეგმავ დასავლეთ, ჩრდილოეთ ევროპაში ყოფნას. უნდა ვივახშმოთ“. სულ ეს არის, მეტი არაფერი. ეს ძალიან მოკლე უნდა იყოს“, – ამბობს ეპშტეინი ჩანაწერში.
ამასთან, 2013 წლის მაისში ეპშტეინმა იაგლანდს, რომელიც მაშინ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა, ელექტრონული ფოსტით მისწერა: „ვიცი, რომ პუტინს 20-ში შეხვდებით. ის სასოწარკვეთილად ცდილობს დასავლური ინვესტიციების მოზიდვას თავის ქვეყანაში. მე ვაღიარებ, რომ ადამიანის უფლებების საკითხები თქვენი მოგზაურობის წინა პლანზე დგას, თუმცა ეს თქვენთვის თუ სასარგებლო იქნება, სიამოვნებით შევხვდები მას ივნისში. ვფიქრობ, ეს კარგი იქნება თქვენი მიზნებისთვის“.
კიდევ ერთ ჩანაწერში, რომელიც 2015 წლით თარიღდება, ეპშტეინი იაგლანდს ეუბნება: „მე მაინც მინდა პუტინთან შეხვედრა და ეკონომიკაზე საუბარი, ძალიან დავაფასებ თქვენს დახმარებას“.
ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვაზე კრემლში განაცხადეს, რომ მათ ეპშტეინისგან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ.

