რუსეთმა ტრამპის პირად თხოვნას ბალისტიკური რაკეტების რეკორდული რაოდენობით უპასუხა, ველოდებით აშშ-ის რეაქციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა მიზანმიმართულად უგულებელყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი თხოვნა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შესახებ და ახლა კიევი ვაშინგტონისგან პასუხს ელოდება.
„ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირადი თხოვნა იყო. ვხედავთ, რომ რუსეთმა ამ თხოვნას ბალისტიკური რაკეტების რეკორდული რაოდენობით უპასუხა. ოთხი დღეც არ გასულა იმ დღიდან, როდესაც მან ეს რუსეთს სთხოვა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რასაც რუსეთი გვპირდება ან, შეიძლება, დაგვპირდეს. თუ მათი სიტყვა ახლა არ შესრულდება, მაშინ რას უნდა ველოდოთ შემდეგ?“ – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსები ამ ომამდეც იტყუებოდნენ.
„და ახლა – თუნდაც ასეთ დეტალებში, ასეთ შეთანხმებებში ამერიკასთან – რუსეთი კვლავ გვატყუებს. ისინი მოსკოვში გამოუსწორებლები არიან. მათ სურთ სიცივით ისარგებლონ, რადგან თავიანთი თავდასხმებით ვერ დაგვიპყრობენ ჩვენ, უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

