აშკარაა, რომ წნეხი, რომელსაც პუტინზე ვახორციელებთ, რათა ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და უკრაინაზე მასირებული თავდასხმები შეწყვიტოს, არ მუშაობს, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა.
„პრეზიდენტ ტრამპის იდეა – მიზანში ამოიღოს პუტინის ნავთობის ის კლიენტები, რომლებიც მის ომის მანქანას ასაზრდოებენ – აშშ-მა და ევროპამ დიდი შემართებით უნდა განახორციელონ. პრეზიდენტმა ტრამპმა ნავთობკომპანიებსა და გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმით პუტინის ეკონომიკა დაასუსტა. ინდოეთისთვის ტარიფების დაწესება კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება. ინდოეთი ახლა ბევრად ნაკლებ რუსულ ნავთობს ყიდულობს და სხვა მსხვილი მყიდველებიც იმავეს რომ აკეთებდნენ, ეს ამ სისხლისღვრის დასრულებას შეუწყობდა ხელს“, – აღნიშნა სენატორმა.
„წუხანდელი მასირებული თავდასხმის შემდეგ, მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, დაიწყოს უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემის პროცესი, რაც სამხედრო თვალსაზრისით გარდამტეხი იქნება. უახლოეს დღეებსა და კვირებში ჩვენ პუტინზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ. ნებისმიერი მოლაპარაკება, რომელიც აღქმული იქნება აგრესიის გადამეტებულ წახალისებად, მთელ მსოფლიოში კატასტროფების სერიას დაუდებს საფუძველს. თუმცა, საპირისპიროც ასევე მართალია: თუ მოლაპარაკებების შედეგად მივიღებთ თავისუფალ, ძლიერ და დამოუკიდებელ უკრაინას, რომელსაც დათმობებზე წასვლაც მოუხდა, მაშინ მსოფლიო ბევრად უფრო სტაბილური იქნება. დრო არ ითმენს“, – დასძინა მან.

