საკანონმდებლო ორგანომ „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტს 88 ხმით მხარი დაუჭირა.
დადგენილების პროექტი პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.
საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროებითი კომისიის მიზანი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ფორმირების მექანიზმების გამჭვირვალე და ობიექტური შესწავლაა. კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს შესაბამის დასკვნასა და რეკომენდაციებს.
პარლამენტის ინფორმაციით, დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა სამი თვით განისაზღვრება, ხოლო მისი წევრთა რაოდენობა და ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების კვოტები საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდება.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, კომისიის მუშაობის პროცესი საჯარო იქნება და საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალყური განხილვებს.
„საკითხის გადაჭრის გზებზე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად და მათი ჩართულობით ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, ერთად ვიპოვით გზებს და ამ პრობლემას გადავჭრით“, – განაცხადა კირცხალიამ.
დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.
ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც “ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, “ფასების კომისიის” წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს “ფასების სამთავრობო კომისიამ” პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ “ფასების სამთავრობო კომისია” მწარმოებლებს შეხვდა. 30 იანვარს შეხვედრა საწვავის კომპანიებთან გაიმართა.

