„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქართველი ერის მომავალზე და განათლებაზე, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული იდეოლოგიის ხერხემალი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გარანტი. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ განათლების რეფორმა პოლიტიკურად შეიძლება არაპოპულარული იყოს, ვინაიდან ის პოლიტიკური ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ახორციელებს და იღებს გადაწყვეტილებას მომავლისათვის. ყველა ამ რეფორმის საფუძველი სტრატეგიული ხედვით გათვლილი გადაწყვეტილებებია. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება საამაყო ნიშნული ჩვენი მმართველობის ისტორიაში“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე, მარიამ ლაშხმა.
მან თავის გამოსვლაში ყურადღება განათლების რეფორმის რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.
„კანონში დღეს არსებული ჩანაწერით სასკოლო ასაკად განსაზღვრულია 6 წელი. მოგეხსენებათ, 2022-2023 სასწავლო წლიდან მოხდა გამონაკლისის დაშვება და მშობლებს ეძლეოდათ უფლება, რომ ნებაყოფლობით გადაწყვეტილება მიეღოთ ბავშვის ადრე ანუ 5 წლის ასაკში სკოლაში გაშვებაზე, ჩამკეტი ვადა იყო 31 დეკემბერი. ამ 2-3 წლის განმავლობაში განათლების სამინისტროს მოკვლევის, ასევე გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში ხშირად უვლინდებათ სერიოზული პრობლემები, როგორიც არის – დაღლა, სკოლის მიუღებლობა, დემოტივაცია და ფსიქიკური სტრესი. პედიატრები და ფსიქოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ ბავშვის სკოლისთვის მზაობა მოითხოვს სოციალურ, ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ მომწიფებას, რაც ექვსი წლის ასაკში ვითარდება. მშობლების მხოლოდ ნაწილმა ისარგებლა ამ გამონაკლისით, თუმცა სასწავლი წლის დაწყების პირველივე კვირიდან დაიწყო მიმართვიანობა ისევ უკან ბაღში დაბრუნებასთან დაკავშირებით. დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 2000-ზე მეტი საბავშვო ბაღი, არსებობს 150 სასკოლო მზაობის ჯგუფი სკოლებში და უზრუნველყოფილია ბავშვის ასაკის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომ ექვსი წლის ასაკი იყოს მიღებული, ეს არის პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებისაგან გამომდინარე“, – აღნიშნა მარიამ ლახმა.
მისივე თქმით, ახალი მოდელის თანახმად, ბოლონიის პროცესთან თავსებადობით, მე-12 კლასი იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო უმაღლესი განათლება საჯარო უნივერსიტეტებში იქნება უფასო.
„ჩვენი ხელისუფლების ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება იმისთვისაა, რომ თანაბარი შესაძლებლობები შეგვექმნა ყველა ქართველი ახალგაზრდისთვის. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია სოციალური კომპონენტიც, მათ შორის, მიზნობრივი ჯგუფებისათვის, მოსწავლეებისათვის უზრუნველყოფილია ფორმა და ამ ფორმას უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფო მიზნობრივ ჯგუფებს.
ტელეფონების გამოუყენებლობა უზრუნველყოფს ფოკუსირებას სწავლაზე, ხოლო თანამედროვე სახელმძღვანელოების განვითარება უზრუნველყოფს ცოდნის ეფექტურ ათვისებას“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ასევე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე.
„ეს არის გაერთიანება და არა გაუქმება! ეს არ არის დაჩეხვა და ფრაგმენტაცია, რაც საბჭოთა მენტალიტეტიდან იყო. ეს არის რესურსების გაერთიანება და გაძლიერება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეხსნება ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიები, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს – თსუ-ს უნიკალური არქივები. მსოფლიო მიდის ინტერდისციპლინარულობისკენ და მინდა გავიხსენო საუკეთესო მაგალითები – ფინეთმა სამი უნივერსიტეტი გააერთიანა და ამით მსოფლიო რეიტინგის ასეულში შეიყვანა ფინეთის უნივერსიტეტი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები მოხვდნენ მსოფლიო რეიტინგებში. რაც შეეხება ქონების საკითხზე მანიპულაციას, ეს ქონება არის სტუდენტების და სტუდენტებსვე რჩება. კი არ ვასხვისებთ, ჩვენ მას სტუდენტებს ვუბრუნებთ გაფართოებული შესაძლებლობებით, გაძლიერებული სამუშაო სივრცეებითა და გაორმაგებული რესურსებით. ეს არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა და გზა ძლიერი, განათლებული და თავისუფალი საქართველოსა და ძლიერი ეკონომიკური და განათლებული ერის ფორმირებაში“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

