გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ და დასავლელმა პარტნიორებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც, შესაძლო დაზავების შემთხვევაში, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის საპასუხო რეაქციას მოიცავს. საუბარია რამდენიმე საფეხურიან პასუხზე, რომელთა შორისაა კოორდინირებული სამხედრო ინტერვენციაც. FT ინფორმაციას ავრცელებს იმ ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ვინც შეთანხმების დეტალები იციან.
როგორც FT წერს, ამ წინადადებას უკრაინელი, ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები დეკემბერსა და იანვარში განიხილავდნენ. ამავე ცნობებით, რამდენიმე საფეხურიანი პასუხი მოჰყვება რუსეთის მიერ ზავის ნებისმიერი სახით დარღვევას.
პარალელურად, 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში კიევის, მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება გაიმართება, სადაც ომის დასრულების შესაძლებლობას განიხილავენ.
FT-სთან საუბარში ინფორმაციის მქონე სამმა პირმა თქვა, რომ გეგმის მიხედვით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას პასუხი პირველ 24 საათში მოჰყვება, რაც იქნება დიპლომატიური გაფრთხილება, რომლის პარალელურად უკრაინის არმია თავდაცვით მოქმედებებს დაიწყებს. თუ დარღვევა გაგრძელდება, გეგმის მეორე ფაზა მოიცავს მსურველთა კოალიციის ძალების ინტერვენციას. იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა ფართო თავდასხმაში გადაიზრდება, პირველი დარღვევიდან 72 საათის შემდეგ, დაიწყება კოორდინირებული სამხედრო პასუხი დასავლეთის, მათ შორის აშშ-ს არმიის მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ.
FT-ს წყარო ამბობს, რომ უკრაინელმა, ამერიკელმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ეს გეგმა დეკემბერში, პარიზში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს და საუბარი გააგრძელეს 3 იანვარს, კიევში, მსურველთა კოალიციის ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა შეხვედრის დროს. ჯერჯერობით უცნობია შეთანხმების დამატებითი დეტალები.
გასულ კვირებში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა “NATO-ს მსგავსი” უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც მე-5 მუხლის მსგავსი იქნება და უკრაინაზე თავდასხმას მოკავშირეთა კოლექტიური პასუხი მოჰყვება. ზელენსკის თქმით, ტრამპმა მას 15-წლიანი გარანტია შესთავაზა, თუმცა უკრაინელი მაღალჩინოსნები ცდილობენ, რომ ის 50 წლამდე გაახანგრძლივონ.
ომის შესაძლო დასრულების მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება

