აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვერც აბუ დაბიში მოსალოდნელმა დიპლომატიურმა შეხვედრამ და ვერც აშშ-სთვის მიცემულმა დაპირებებმა ვერ შეუშალა ხელი პუტინს უკრაინელების წინააღმდეგ ტერორის გაგრძელებაში” – ანდრეი სიბიგა  

უკრაინაში ტემპერატურა -20 გრადუსზე დაბალია. ღამით რუსეთმა 450 დრონით და 60-ზე მეტი რაკეტით, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ტემპერატურის დაცემას დაელოდა და უკრაინაზე თავდასხმისთვის დრონები და რაკეტები მოიმარაგა.

„უკრაინაში ტემპერატურა -20 გრადუსზე დაბალია. ღამით რუსეთმა 450 დრონით და 60-ზე მეტი რაკეტით, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, თავდასხმა განახორციელა. ძირითადი სამიზნეები იყო: ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები კიევში, დნეპრში, ხარკოვში, სუმში, ოდესასა და სხვა რეგიონებში. პუტინი ტემპერატურის დაცემას დაელოდა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდური თავდასხმების გასაგრძელებლად დრონები და რაკეტები მოიმარაგა. მას ყველაზე მკაცრი ზამთრის პირობებში, ჩვეულებრივი ადამიანების წინააღმდეგ ტერორის გაგრძელებაში ხელი ვერც აბუ-დაბიში ამ კვირას მოსალოდნელმა და ვერც აშშ-სთვის მიცემულმა დაპირებებმა შეუშალა. ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტებთან, რომლებიც უნდა აიძულონ, რომ ძალადობა შეწყვიტონ,“ – წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პარტნიორებს აქვთ გავლენის მომხდენი ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც აუცილებელია.

„გააძლიერეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ენერგეტიკული მდგრადობა. გაზარდეთ მოსკოვზე ზეწოლა. ჩამოართვით რუსეთის საომარ მანქანას ენერგეტიკული შემოსავლები და ტექნოლოგიებზე წვდომა. რუსული რეჟიმი იზოლაციაში მოაქციეთ. შეაჩერეთ რუსეთის უკანონო ნავთობტანკერები და მათი კონფისკაცია მოახდინეთ. პუტინმა უნდა მოიშოროს ილუზიები, რომ დაბომბვით, ტერორითა და აგრესიით შეუძლია რაიმეს მიღწევა“, – წერს სიბიგა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის შემდეგი სამმხრივი მოლაპარაკებები 4 და 5 თებერვალს აბუ დაბიში გაიმართება.

იტვირთბა....