შავი ფული და გაუმჭვირვალე პროექტები, რომლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, არ უნდა არსებობდეს. ევროპაში ეს პრინციპები აქვთ, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ეხება, თავის გამოსვლებს რაღაც პოლიტიკური შინაარსით დატვირთავენ და თავს წარმოაჩენენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებად, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომელსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვს, ნებისმიერი პროგრამა განახორციელონ, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, ქვეყანაში რა თანხა შემოდის, საიდან და რას ხმარდება.
„არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში შესატანად მომზადებულია უშველებელი თანხები, როგორმე შავი და დაფარული შეტანის გზები უნდა შეიმუშაონ იმის ნაცვლად, რომ ის ადამიანები გააკრიტიკონ, ვინც ამას ლამობს. ამის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომელსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვს, ნებისმიერი პროგრამა განახორციელონ, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, ქვეყანაში რა თანხა შემოდის, საიდან და რას ხმარდება. კითხვაა, ხომ არ ხმარდება ეს თანხები ექსტრემიზმის განვითარებას? სხვა არანაირი მოთხოვნაა. საჭირო არ არის გამჭვირვალეობა, რომ ხალხმა იცოდეს, რა თანხა შემოდის და რა პროგრამას უნდა მოხმარდეს და „კანვასის“ პროექტს რომ არ უნდა მოხმარდეს, რომელიც ბავშვებს ასწავლის, როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციას? ეს რეალობა არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, მილიარდები იხარჯება, რათა კონკრეტულმა ადამიანებმა საქართველოში თავიანთ მიზნებს მიაღწიონ.
„თქვენს ლოგიკას რომ გავყვეთ, საქართველოში თანხა უნდა შემოვიდეს, რაღაც უბედურება დატრიალდეს, ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, პარლამენტის ოთახები გადაიწვას, ქუჩაში ცეცხლი აინთოს, პოლიციელები ცოცხლად დაწვან და შემდეგ გამოძიება უნდა ჩატარდეს? ამაში ვერ დაგეთანხმებით. პრევენცია მხოლოდ ერთი გზით ხდება, ყველას ვეუბნებით, თუ უცხოეთიდან საქართველოში ფულის შემოტანა უნდათ, კეთილი ინებონ და ინფორმაცია მოგვაწოდონ, ამ ფულს რაში ხარჯავენ და ცუდი გამოცდილების გამეორება ხომ არ ხდება, რომელიც ახლახან ვიხილეთ, როცა ასეთი წარმომავლობის თანხებით ქუჩაში ადამიანებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ. ამ ყველაფერს პასუხი იმ კანონით გაეცემა, რომელსაც მივიღებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

