უკრაინა დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ევროპისა და აშშ-ის მხრიდან კოორდინირებულ სამხედრო პასუხს გამოიწვევს, – ინფორმაციას Financial Times-ი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გეგმა დეკემბერსა და იანვარში რამდენჯერმე განიხილეს უკრაინელ, ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის და გულისხმობს მრავალდონიან რეაგირებას რუსეთის მიერ შეთანხმებული ზავის ნებისმიერ დარღვევაზე.
წინადადების თანახმად, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში, დაწყებული დიპლომატიური გაფრთხილებით და, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის არმიის მიერ დარღვევის შესაჩერებლად ზომების მიღებით.
თუ საომარი მოქმედებები ამ დროის შემდეგაც გაგრძელდება, წინადადება გადავა მეორე ფაზაზე – ინტერვენციაზე ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ძალების გამოყენებით.
გამოცემის წყაროების ცნობით, გაფართოებული თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ძალის, მათ შორის აშშ-ის სამხედროების, კოორდინირებული რეაგირება დარღვევიდან 72 საათის შემდეგ განხორციელდება.

