შევდივართ პირველ ფაზაში, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სადაც სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და სადაც ურთიერთობების შენარჩუნების უნარი, დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა, – ამის შესახებ , ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს, მსოფლიოს კომერციული მარშრუტები არა საბაზრო ეკონომიკის უხილავი ხელით, არამედ გეოპოლიტიკის ძალიან მკაფიო მუშტით იცვლება.
„გავიაზროთ, რა დაემართა გლობალურ ვაჭრობას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩრდილოეთის დერეფნები, რომლებიც ოდესღაც ეფექტურად ახორციელებდნენ საქონლის გადაზიდვას ევროპასა და აზიას შორის, მნიშვნელოვნად დაზარალდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო; მიწოდების ჯაჭვები, რომელთა შენებას ათწლეულები სჭირდებოდა, ერთ დღეში ჩამოიშალა; ბიზნესები, რომლებიც ეფექტურობის გაზრდას გეგმავდნენ, მოულოდნელად აღმოჩნდნენ გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში.
აღმოსავლეთით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ წყნარი ოკეანის სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო პოლიტიზებულია დიდი სახელმწიფოების დაძაბულობის გამო. ტარიფებმა, სანქციებმა და სტრატეგიულმა გამიჯვნებმა ის, რაც ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე დინამიკური კომერციული ურთიერთობა იყო, რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად აქცია. ყველაზე ტრადიციული პარტნიორობებიც კი უპრეცედენტო უთანხმოების წინაშე დგანან. სავაჭრო დავებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებებმა ოდესღაც სტაბილურ ურთიერთობებში გაურკვევლობა შეიტანა.
ეს არ არის ის ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელიც ადრე გვესმოდა. ახლა შევდივართ პირველ ფაზაში, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სადაც სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და სადაც ურთიერთობების შენარჩუნების უნარი დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

