ისრაელი აფასებს უკრაინის მიერ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური და მორალური გადაწყვეტილება.
„ვაფასებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს. ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური და მორალური გადაწყვეტილება: ტერორის წინააღმდეგ. რეპრესიების წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის,“ – წერს გიდეონ საარი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

