უკრაინაში ტემპერატურა -20°C-ზე დაბალია. ღამით რუსეთმა 450 დრონით და 60-ზე მეტი რაკეტით, მათ შორის ბალისტიკურით, შეტევა განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, რუსეთის ძირითადი სამიზნეები იყო ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები კიევში, დნიპროში, ხარკოვში, სუმში, ოდესასა და სხვა რეგიონებში.
„პუტინი ტემპერატურის დაცემას დაელოდა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდური თავდასხმების გასაგრძელებლად დრონები და რაკეტები მოამარაგა“, – წერს სიბიგა.
მისი განცხადებით, უმკაცრეს ზამთარში რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ტერორის გაგრძელებაში მას ხელი ვერ შეუშალა ვერც აბუ-დაბიში ამ კვირაში დაგეგმილმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ და ვერც შეერთებული შტატებისთვის მიცემულმა დაპირებებმა.
„საქმე გვაქვს ტერორისტებთან, რომლებიც უნდა აიძულონ შეწყვიტონ ძალადობა. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები. გააძლიერეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ენერგეტიკული მდგრადობა. გაზარდეთ ზეწოლა მოსკოვზე. ჩამოართვით რუსულ საომარ მანქანას ენერგეტიკულ შემოსავლებსა და ტექნოლოგიებზე წვდომა. მოახდინეთ რუსული რეჟიმის იზოლირება. მოახდინეთ რუსეთის უკანონო ნავთობტანკერების კონფისკაცია. პუტინს უნდა წაერთვას ილუზიები, რომ შეუძლია რაიმეს მიღწევა დაბომბვით, ტერორითა და აგრესიით“, – წერს სიბიგა.

