ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არსებობს ქართული და არსებობს სხვა“ – პაპუაშვილი დაფინანსებაზე

„არ არსებობს რუსული და ევროპული, ჩრდილოური და აღმოსავლური [ინტერესები]. არსებობს ქართული და არსებობს სხვა” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა,  „აგენტების კანონი“  „გეოპოლიტიკური საკითხია“ და „წინ უსწრებდა გეოპოლიტიკას“.

“ეს კანონი გეოპოლიტიკასაც კი წინ უსწრებდა. მე მგონი, ახლა უკვე ცხადად ჩანს, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ. საუბრობენ პარტნიორებზე, გამჭვირვალობაზე და ა.შ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ვხედავთ რა დაპირისპირებებია ევროკავშირის შიგნით. ვხედავთ, სამყაროში გეოპოლიტიკა როგორ იცვლება […] 

ეს კანონი გეოპოლიტიკური იმიტომაც არის, რომ ჩანდა, რომ ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა, რომ უცხოური დაფინანსება არის სხვა ქვეყნებზე, ხალხზე და მთავრობებზე გავლენების მოპოვების იარაღი და ინსტრუმენტი. სწორედ ეს იყო რაც ამ კანონს უნდა გამოემჟღავნებინა […]  საუბარი კვლავ იგივე ტერმინოლოგიით, რუსულს ეძებთ თუ ევროპულს. არ არსებობს რუსული და ევროპული, ჩრდილო და აღმოსავლეთი. არსებობს ქართული და არსებობს სხვა. ეს უნდა გავიაზროთ 2026 წელს მაინც. იმ ყველაფრის მერე, რაც მსოფლიოში მოხდა. როცა დღეს ეროვნული ინტერესი დაბრუნდა – ის, რაც ქართულმა ოცნებამ ქართულ პოლიტიკაში დააბრუნა, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ბრუნდება. არ არსებობს ეს დამოკიდებულება, რაღაც კარგი და ცუდი. არის ქართული და არის უცხო. და უცხოურ დაფინანსებას ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება”. – თქვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ცვლილებები შეაქვს გრანტების შესახებ კანონში. ივანიშვილის გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტით, გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს. 

იტვირთბა....