„გრანტების შესახებ კანონში მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძალიან დამაზიანებელია და მიუთითებს საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის შემდგომ გაფართოებაზე, რათა გააჩუმოს, კრიმინალიზაცია გაუკეთოს განსხვავებულ აზრს და ძალაუფლება განამტკიცოს – ასე ეხმაურება AMNESTY INTERNATIONAL “ქართული ოცნების” ინიციირებულ ცვლილებებს.
„ამნესტი ინტერნეშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი ამბობს, რომ ეს არის დაუფარავი მცდელობა, საქართველოში კრიმინალიზაცია მოახდინონ პრაქტიკულად ყველაფრისა, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასთან მთავრობის კონტროლის მიღმა.
ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს გრანტის განმარტებას და მოიცავს ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას ან ნატურით მხარდაჭერას პრაქტიკულად ყველაფრისთვის, რასაც მთავრობა არ ამტკიცებს — პოლიტიკური აქტივიზმიდან დაწყებული, ანალიტიკური მუშაობითა და ექსპერტების რჩევებით დამთავრებული.
უცხოური დაფინანსების, ანაზღაურების ან ნატურით უზრუნველყოფილი მხარდაჭერის მოძიება, გამოყენება და მიღება სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და საერთაშორისო სამართლით დაცული უფლებაა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს საკანონმდებლო წინადადებები და ქვეყნის კანონმდებლობა სრულად შეუსაბამოს მის საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს“, – განაცხადა კრივოშეევმა.

