იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.
ცვლილებებით ზუსტდება გრანტის ცნება და გრანტად განისაზღვრება როგორც ფულადი, ისე ნატურალური დახმარება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის, ასევე ქვეყნის საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების, გატარების ან შეცვლის მიზნით, მათ შორის უცხო ქვეყნების ან პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე.
კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, უცხოეთში რეგისტრირებული ორგანიზაციები, რომლებიც არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიან, გრანტის მიღებამდე მთავრობის თანხმობის მიღებას დაექვემდებარებიან. ასევე, გრანტად ჩაითვლება ტექნიკური დახმარება, ექსპერტიზის, ცოდნისა და მომსახურების გაზიარების ფორმით გაწეული მხარდაჭერაც.
საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უცხოეთში ლობისტურ-პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსებისთვის, ასევე ამკაცრებს რეგულაციებს პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს გაუთანაბრდებიან.
ცვლილებები ასევე ეხება პარტიული წევრობის შეზღუდვებს უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისთვის და ახალ სანქციებს აწესებს მეწარმე სუბიექტების მიერ არაპროფილური საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელების შემთხვევაში.

