რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნა სამშვიდობო გეგმის კონკრეტულ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, ევროკავშირის სამოქალაქო მისია ადგილზე იმყოფება გადასასვლელზე მიმდინარე ოპერაციების მონიტორინგისა და პალესტინელი მესაზღვრეების მხარდასაჭერად.
კალასი ხაზს უსვამს, რომ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამედიცინო დახმარება საჭიროებენ, სასაზღვრო გადასასვლელის ხელახლა გახსნა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
„ეს ოჯახებს საშუალებას მისცემს, გაერთიანდნენ ძალიან დიდი ხნის განშორების შემდეგ. ასეთი პრაქტიკული ნაბიჯები ხელს უწყობს ზავის გეგმის წინსვლას და უნდა გაგრძელდეს. ამავდროულად, ღაზას კვლავ სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. მისი რეკონსტრუქცია დამოკიდებული იქნება „ჰამასის“ დემილიტარიზაციაზე“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვარი ფეხით მოსიარულეებისთვის ხელახლა გახსნა. რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელახლა გახსნა შეზღუდული იქნება, ისრაელი პალესტინელების შესვლისა და გასვლის უსაფრთხოების შემოწმებას მოითხოვს. ამასთან, ისრაელი და ეგვიპტე, სავარაუდოდ, მოგზაურთა რაოდენობაზე შეზღუდვებს დააწესებენ. რაფაჰის ხელახლა გახსნა ტრამპის მიერ წარდგენილი ომის დასრულების გეგმის პირველი ფაზის მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო.

