შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში შეთავაზებული ცვლილებებით, რომელიც, მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს დაუწესებს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ო’ფლაერტის განცხადებაშია აღნიშნული.
„ეს წინადადებები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს, უზრუნველყოს გაერთიანების თავისუფლების უფლება. მოვუწოდებ პარლამენტს, უარყოს ეს ცვლილებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ერთგულება სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ“, – აღნიშულია განცხადებაში.
ადამიანის უფლებების კომისარი განმარტავს, რომ 28 იანვარს გამოცხადებული ცვლილებები მიზნად ისახავს „გრანტების შესახებ“ კანონში „გრანტის“ სამართლებრივი განმარტების გაფართოებას, რათა ის მოიცავდეს ნებისმიერი ნაღდი ფულის ან ნატურალური ფორმით გადაცემას ერთი პირისგან მეორე პირისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საქმიანობათა განსახორციელებლად მთავრობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით.
„ეს განმარტება ძალიან ფართოა და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ჩვეულებრივი და ლეგიტიმური საქმიანობის სახელმწიფოს მხრიდან გადაჭარბებული კონტროლის ქვეშ მოქცევას, რაც ძირს უთხრის საზოგადოების მხარდაჭერას და დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობას.
გარდა ამისა, ცვლილებებით ვრცელდება 2025 წლის აპრილიდან ძალაში შესული მოთხოვნა უცხოური გრანტების მთავრობის მიერ წინასწარი დამტკიცების შესახებ. ეს მოთხოვნა ახლა გავრცელდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ უცხოურ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოსთან დაკავშირებულ საქმიანობაში და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივ ოფისებზე. გრანტების შესახებ კანონის შეუსრულებლობა გამოიწვევს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ეს სასჯელი 12 წლამდე გაიზრდება „საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით ფულის გათეთრების“ შემთხვევაში.
ეს ცვლილებები კიდევ უფრო ამძაფრებს 2024 წლიდან მიღებული შემზღუდავი კანონებისა და რეგულაციების სერიას, რომელმაც სერიოზულად შეარყია სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. როგორც ახლახან შევნიშნე, ეს კანონები სერიოზულ კითხვებს ბადებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან მათი თავსებადობის შესახებ, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან, რომელიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 11(2) და 14-ე მუხლებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი განმარტავს, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ თავიანთ ვალდებულებებს. მათ უნდა უზრუნველყონ გაერთიანების თავისუფლების უფლება და შეწყვიტონ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისკენ მიმართული შევიწროებისა და დაშინების ყველა ფორმა“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებაში.

