ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, აღმოაჩინეს მეარაყიშვილის კონტრაქტები მდინარაძესთან, ღარიბაშვილთან, ზაქარეიშილთან და ალასანიასთან

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [КГБ] მტკიცებით, თამარ მეარაყიშვილი “საქართველოს სპეცსამსახურებმა სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობისთვის დაიქირავეს”. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, აღმოჩენილია მეარაყიშვილის კონტაქტები სხვადასხვა თანამდებობის პირებთან.

ე.ს. „სამხრეთ ოსეთის“ КГБ წერს:

💬 “დადგენილია, რომ თ.ა. მეარაყიშვილი საქართველოს სპეცსამსახურებმა დაიქირავეს სადაზვერვო და სხვა დივერსიული საქმიანობის განსახორციელებლად. დივერსიული საქმიანობის საწყის ეტაპზე

მას დაავალეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა. თ.ა. მეარაყიშვილი გადასცემდა ინფორმაციას პოლიტიკოსების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, რუსი სამხედრო პერსონალის, მათი ადგილმდებარეობისა და რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ. იგი ფარულად იწერდა საუბრებს ოფიციალურ პირებთან (რომლებიც საიდუმლოებებს ატარებდნენ) შემდგომი მტკიცებულებებად გამოსაყენებლად და ამყარებდა მათთან ახლო ურთიერთობებს ინფორმაციის შესაგროვებლად და დივერსიული გეგმების განსახორციელებლად…

ქართული მხარის ინიციატივით, თ.ა. მეარაყიშვილი არაერთხელ დაესწრო საზღვარგარეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სემინარებს, სადაც, სავარაუდოდ, წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთის მხარეს, ამახინჯებდა ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ, რითაც დისკრედიტაციას უწევდა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას…

თ.ა. მეარაყიშვილის ყოველი ნაბიჯი კოორდინირებული იყო უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიერ და წარმოადგენდა მხოლოდ ქართული მხარის ინტერესებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გამოავლინა მისი კონტაქტები, მათ შორის:

• საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროს, მ. მდინარაძესთან;

• საქართველოს რეინტეგრაციის ყოფილ მინისტრ, პ. ზაქარეიშვილთან;

• საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრ, ი. ალასანიასთან;

• „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე, ი. ღარიბაშვილთან;

….

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი დაასრულებს სისხლის სამართლის საქმეს მეარაყიშვილის წინააღმდეგ. მისი თანამზრახველები, როგორც რესპუბლიკის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, გამოვლინდებიან და პასუხისგებაში მიეცემიან.” აცხადებს საოკუპაციო რეჟიმი.

თამარ მეარაყიშვილი ცხინვალში “ჯაშუშობის” საბაბით 2025 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. 31 დეკემბერს კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაძევა

იტვირთბა....