რატომ უნდა შეხვდნენ აშშ-ის ლიდერები ხელისუფლებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ელჩებს, დაგვადანაშაულა „მეორე ფრონტში“ ჩათრევის მცდელობაში და ხელჩაკიდებულია ადამიანებთან, ვინც სკანდირებს „სიკვდილი ამერიკას“? – ასე უპასუხა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა ლორა თორნტონმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კითხვას, რაზე მიანიშნებს, ის ფაქტი, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანთან და სომხეთთან ვიზიტისას საქართველოს არ ეწვევა.
ლორა თორნტონის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება იზოლირებული და პოლიტიკურად არარელევანტურია, თუმცა ამასთანავე განმარტავს, რომ ქართველ ხალხს არ ივიწყებენ და ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
„საქართველოს ხელისუფლება იზოლირებული და პოლიტიკურად არარელევანტურია. უცნაური იქნებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს გაჰკვირვებოდა, ვინაიდან მათ არაფერი გაუკეთებიათ გარდა აშშ-სა და ტრადიციული მოკავშირეების შეურაცხყოფისა, დასავლეთის მთავარ მოწინააღმდეგეებთან დაახლოების პარალელურად. რატომ უნდა შეხვდნენ აშშ-ის ლიდერები ხელისუფლებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ელჩებს, დაგვადანაშაულა „მეორე ფრონტში“ ჩათრევის მცდელობაში და ხელჩაკიდებულია ადამიანებთან, ვინც სკანდირებს „სიკვდილი ამერიკას?“
ნათლად მინდა განვაცხადო, რომ „ქართული ოცნების“ იზოლაციის პარალელურად, ქართველ ხალხს არ ვივიწყებთ და ბევრი ჩვენგანი აგრძელებს ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა თორნტონმა.
ის შეუძლებლად მიიჩნევს, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლების პირობებში, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ თორნტონის თქმით, საქართველო არ წარმოადგენს „კრიტიკულ სავაჭრო პარტნიორს ან საჭირო რესურსების წყაროს“.
„ვერ ვხედავ, რომ ეს შესაძლებელი იყოს „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მმართველობის პირობებში, თუ არ იქნება რადიკალური რეფორმების სერია – ახალი არჩევნები (ახალი საარჩევნო კომისიის პირობებში), სამართალი მათთვის, ვინც დემოკრატიას თავს დაესხა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის შემობრუნება და ა.შ. საქართველო არ წარმოადგენს კრიტიკულ სავაჭრო პარტნიორს ან საჭირო რესურსების წყაროს. აშშ-ს, რა თქმა უნდა, აქვს ურთიერთობა ავტოკრატიულ რეჟიმებთან სხვადასხვა სტრატეგიული, უსაფრთხოების ან ეკონომიკური მიზეზით, მაგრამ ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს ეს საქართველოს შემთხვევაში.
რაც შეეხება “MEGOBARI აქტს“, თორნტონის თქმით, „სამწუხაროდ, ისინი, ვინც „MEGOBARI აქტის“ წინააღმდეგ ლობირებენ, ამას ფინანსური მიზეზების გამო აკეთებენ.
“ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, არის ორპარტიული თანხმობა, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიული სანდო მოკავშირე. “MEGOBARI აქტს“-ს ჰქონდა ფართო მხარდაჭერა. თუმცა, ჩვენს კონგრესში ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია საკმარისი კანონპროექტის შესაფერხებლად. The Hill-ის შესანიშნავი რეპორტაჟებიდან ჩანს, რომ სამწუხაროდ, ისინი, ვინც MEGOBARI -ს წინააღმდეგ ლობირებენ, ამას ფინანსური მიზეზების გამო აკეთებენ. არავინ, მათ შორის, არც ისინი, ვინც კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, არ ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მოდელია. მაგრამ ჩვენ გვაქვს არჩევნები, კონგრესი იცვლის ფორმას. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაკარგული ჯერ კიდევ არ არის. გავმეორდები, უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ქართველ დემოკრატებს და სურთ, რაც შეიძლება მეტ მტკივნეულ წერტილზე ზემოქმედება – ფინანსური სანქციების გზით – რეჟიმზე ზეწოლის მიზნით“, – განაცხადა თორნტონმა.

