გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით აშშ დანიასა და გრენლანდიასთან ტექნიკურ დონეზე შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონს საკითხთან დაკავშირებით უკვე შემუშავებული აქვს პროცესი, რომელიც ყველასთვის „კარგ შედეგს“ მოიტანს.
„ვფიქრობ, რაღაც პოზიტიურს მივაღწევთ. ამ პროცესს დღეს ძალიან პროფესიონალურად დავიწყებთ და ეს რეგულარული იქნება. ჩვენ შევეცდებით, ეს ისე გავაკეთოთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ასეთი საუბრები გაიმართება, მედიაცირკი არ იყოს, რადგან ვფიქრობთ, ეს ორივე მხარეს მეტ შესაძლებლობას მისცემს, რათა დადებით შედეგს მიაღწიონ. ვფიქრობ, ამას მივაღწევთ. დავოსში გამოსვლისას პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიაში ძალას ან სამხედრო ძალას არ გამოიყენებს. ცოტა სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და ვფიქრობ, მალე ჩვენი ევროპელი კოლეგებისგანაც ამავეს მოისმენთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

