ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორის რაფაჰის გადასასვლელი ორშაბათს გაიხსნება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განყოფილება COGAT-ის განცხადებით, ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაფაჰის გადასასვლელი ორივე მიმართულებით გაიხსნება, თუმცა ღაზას სექტორის მოსახლეობა გადაადგილებას მხოლოდ ფეხით შეძლებს.
„დღეს გადასასვლელის მუშაობის შემოწმება მიმდინარეობს. ორივე მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილება ხვალ დაიწყება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, COGAT-ის ცნობით, გადასასვლელის მუშაობა ეგვიპტისა და ევროკავშირის მიერ იქნება კოორდინირებული.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ გასულ კვირას განაცხადა, რომ რაფაჰის გადასასვლელი ღაზას სექტორიდან ბოლო მძევლის ცხედრის დაბრუნების შემდეგ გაიხსნებოდა. ისრაელმა ღაზადან ბოლო მძევლის, სერჟანტი რან გვილის ცხედარი გასულ ორშაბათს დაიბრუნა.

