პაკისტანის სამხედრო ძალების ცნობით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში კოორდინირებულ თავდასხმებში ბრალდებული 145 მებრძოლი მოკლეს. სამხედროების ცნობით, ასევე დაიღუპა უსაფრთხოების სამსახურის 17 თანამშრომელი და 31 მშვიდობიანი მოქალაქე.
სამხედროებმა მებრძოლების მხარდაჭერაში ინდოეთი დაადანაშაულეს, თუმცა დელიმ უარყო ასეთი ბრალდებები.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა შეაქო სამხედროები და პირობა დადო, რომ „ტერორიზმის წინააღმდეგ ომს მის სრულ განადგურებამდე გააგრძელებს“.
მანამდე ყუმბარებითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მებრძოლები პროვინციის მასშტაბით 12 ქალაქს და დაბას დაესხნენ თავს. მათი სამიზნე პოლიციისა და გასამხედროებული ობიექტები, ასევე ციხეები და სამთავრობო შენობები იყო.
ბელუჯისტანის რეგიონის ამბოხებულები ფედერალურ მთავრობას პაკისტანის უდიდესი პროვინციის მდიდარი მინერალური რესურსების ექსპლუატაციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლის გარეშე რჩება.
პაკისტანის მთავრობისა და ბელუჯების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მომხრე მებრძოლების წინააღმდეგობა 1948 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პაკისტანმა ბრიტანეთის ინდოეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

